დონეცკის „შახტარისა“ და კიევის „დინამოს“ ბრაზილიელი ფეხბურთელები თავიანთი ქვეყნის მთავრობას ომის ქარცეცხლში გახვეული უკრაინიდან დაუყოვნებლივ გაყვანას სთხოვენ.
„შახტარის“ თავდამსხმელმა ჟუნიორ მორაეშმა კიევის ერთ-ერთი სასტუმროდან გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინაში მოთამაშე ბრაზილიელების ჯგუფი და მათი ოჯახები ერთად არიან და უკრაინის დედაქალაქის დასატოვებლად თვითმფრინავს ელიან.
34 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა მდგომარეობა უმძიმესია.
მორაეშმა ხსენებული ვიდეომიმართვა ჟურნალისტ არტურ ქუეზადას დახმარებით გაავრცელა.
„ვითარება უმძიმესთაგანია. გთხოვთ, ჩვენი ხმა რამენაირად ბრაზილიის მთავრობას მიაწოდოთ.
საზღვრები დაკეტილია. ბანკები დაკეტილია. საწვავი არ არის. მალე სურსათის დეფიციტი დაიწყება. ფული არ არის. ჩვენ ერთად შევგროვდით, რათა დაველოდოთ თვითმფრინავს, რომელიც კიევიდან წაგვიყვანს“, — თქვა მორაეშმა.
ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამ გვერდზეც დაპოსტა: „მეგობრებო, ოჯახის წევრებო. სიტუაცია სერიოზულია, ჩვენ კიევში ჩავრჩით. ველით გამოსავალს. სასტუმროში ვართ. ილოცეთ ჩვენთვის“.
სულ „შახტარში“ 12 ბრაზილიელია. მათ რიცხვშია „აიაქსიდან“ წასული დავიდ ნერეში, რომელიც უკრაინის პრემიერ ლიგას ახლა იანვარში შეუერთდა.
მორაეშის ვიდეოში ჩანს კიევის „დინამოს“ თავდამსხმელი ვიტინიოც.