„მანჩესტერ იუნაიტედის“ ავიარეისი ბოლო წამს გაუქმდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგაში „ატლეტიკოსთან“ სათამაშოდ მადრიდს მიემგზავრებოდა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია: მანჩესტერელები ევროთასებზე ჩვეულებრივ რუსული „აეროფლოტით“ დაფრინავენ, რადგან უამრავ ავიაკომპანიათა შორის მაინდამაინც მასთან აქვთ კონტრაქტი, მაგრამ სამშაბათს საქმეში რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობა ჩაერია. შედეგად, რალფ რანგნიკი და მისი რაზმი დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანია „ტიტან ეარვეიზით“ გაემგზავრენ.

როგორც ცნობილი გახდა, რეისი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „აეროფლოტის“ ერთობლივი გადაწყვეტილებით გაუქმდა. როგორც ჩანს, მათ გადაწყვეტილებაზე ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა იქონიეს გავლენა.

მოგეხსენებათ, მას მერე, რაც რუსეთმა უკრაინის ორი ოლქი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო და იქ „სამშვიდობო მისიით“ ჯარები შეიყვანა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო და საპასუხო ნაბიჯების ძიებაში სპორტსაც გადაწვდა — უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის პეტერბურგიდან სხვაგან გადატანისკენ მოუწოდა.

ჯერჯერობით, ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების გათამაშების ფინალი 28 მაისს პეტერბურგში, „გაზპრომ არენაზე“ არის დანიშნული.