თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე ზედიზედ მე-10 მატჩი წააგო და ცხრილის ფსკერზე უქულოდ არის.
23 თებერვალს დინამოელებმა სერბულ „რადნიჩკის“ უმასპინძლეს და 13:17 დამარცხდნენ. სერბებმა მასპინძლებს პირველივე მეოთხედში აგრძნობინეს, რომ საქართველოს დედაქალაქში მოსაგებად იყვნენ ჩამოსულნი – „რადნიჩკიმ“ მეოთხედი 6:3 მოიგო.
ასეთი სხვაობის აღმოფხვრა კი, ისეთი დონის გუნდებში, როგორც „ოლიმპიკის“ აუზში იყვნენ, საკმაოდ რთულია. სიტუაცია არც მეორე მეოთხედის შემდეგ შეცვლილა – „რადნიჩკი“ ისევ სამი ბურთით იგებდა.
დასკვნითი მეოთხედის წინ კი სხვაობა გაიზარდა – სერბები ხუთი ბურთით დაწინაურდნენ და გამარჯვებულის ვინაობაც მაშინ გაირკვა. „დინამოს“ ჯგუფში კიდევ ოთხი მატჩი დარჩა. მომდევნო ტური 30 მარტს უწევს, „დინამო“ სტუმრად „ბრეშასთან“ ითამაშებს.