ინგლისური პრესა წერს, რომ „რეალი“ მზად არის მაურისიო პოჩეტინოსთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ კონკურენცია გაუწიოს. „დეილი მეილის“ ცნობით მადრიდელები, ისევე როგორც „ტოტენჰემ ჰოთსპური“, გასულ ზაფხულშიც ცდილობდნენ არგენტინელის მოთაფვლას, მაგრამ მაშინ „პარი სენ ჟერმენი“ კბილებით ჩაებღაუჭა თავის მწვრთნელს, ამ ზაფხულს კი ასე აღარ მოხდება.
კი მაგრამ, „რეალის“ ახლანდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი? თუ ინგლისში გავრცელებული ხმები მართალია, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისი მომავალი არც ისე მკაფიოა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
ლა ლიგის ბოლო ტურში „რეალმა“ „ალავესს“ 3:0 მოუგო, მაგრამ გულშემატკივარი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა. რამდენიმე დღით ადრე „თეთრებმა“ ცუდად ითამაშეს პარიზშიც, ჩემპიონთა ლიგაზე, ხსენებული პოჩეტინოს „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ — 0:1 წააგეს და რაც უფრო ცუდია, უკბილო გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს.
რასაკვირველია, ანჩელოტის დაუფიქრებლად არავინ მოხსნის. პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჯერ შეხედავს, რა შედეგებს მიაღწევს გუნდი ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ პარალელურად პოჩეტინოს სამსახურში აყვანისთვისაც მოემზადება. რეალის ჩარევამ კი შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაურთულოს ახალი მწვრთნელის ძიება.
მანკუნიანელთა საქმე ასეა: კლუბში რალფ რანგნიკის შესაძლო შემცვლელებად პოჩეტინო და „აიაქსის“ თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი მოიაზრებიან. „დეილი მეილმა“ თებერვლის დასაწყისში შეიტყო, რომ ფეხბურთელებს პოჩეტინო ურჩევნიათ.
„დეილი მეილის“ აზრით, პოჩეტინოს „რეალში“ გადასვლაზე გავლენა იმანაც შეიძლება მოახდინოს, რომ ზაფხულში მადრიდელებს „პარი სენ ჟერმენიდან“ კილიან მბაპე მიჰყავთ. თუ 23 წლის მეტეორივით სწრაფი ფრანგის ტრანსფერს ხელს არაფერი შეუშლის, პერესი არგენტინელის გადაბირებას ალბათ დამატებითი ენთუზიაზმით მოჰკიდებს ხელს.





