ასეთი აიწონა-დაიწონა გუნდი ევროპაში, ალბათ, არც არის. „დორტმუნდი“ საოცრებებს სჩადის. ამჯერად მეზობელ „გლადბახს“ 6:0 მოუგო, არადა სულ ბოლო ორკვირიან მონაკვეთში იყო, შინ „ლევერკუზენთან“ 2:5 და „გლაზგო რეინჯერსთან“ 2:4 წაგება რომ მოახერხა.
ორი სხვადასხვა გუნდია „დორტმუნდი“. თუ თამაში წაუვა, მართლაც ლამაზად თამაშობს, შეტევა და შეტევა, ხალისი, მოწყენის გარეშე.
მარკო როისი – ეს სხვა თემაა. „დორტმუნდის“ 32 წლის თილისმამ გლადბახელებთან ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასიც დაამატა. აიკლო მეტოქე.
როისი დორტმუნდში დაბადებულ-გაზრდილია და გამოაცხადა, „ბაიერნში“ არასოდეს გადავალო, ისე კი კარიერაში პირველი ბრწყინვალე სეზონი სწორედ „გლადბახში“ გაატარა.
მას შემდეგ 10 წელიწადზე მეტი გავიდა. მაშინ როისი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და დაბრუნდა კლუბში, სადაც გაიზარდა.
„დორტმუნდი“ ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა და უცნაური ჩაგდებული თამაშები რომ არა, იქნებ „ბაიერნის“ რამდენიმე წაფორხილებითაც ესარგებლა.
თუმცა როგორც ვთქვით, დორტმუნდელები ზოგჯერ მეორე ბუნდესლიგელივით თამაშობენ…