ჰარი მაგუაირმა ფანები გააოცა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა „ლიდს იუნაიტედს“ გოლი გაუტანა, მაგრამ ამ შემთხვევაში მცველის მიერ გატანილი გოლი კი არ გვიკვირს, არამედ ის, რაც მან სოციალურ ქსელში დაპოსტა.

შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერელებმა 4:2 მოიგეს, მაგუაირმა ანგარიში გახსნა და ტრიბუნების მიმართულებით მუხლებზე გასრიალდა, ხოლო თამაში რომ დამთავრდა, დაპოსტა თავისი ფოტო სადაც ის მოღუშული ლიდსელი გულშემატკივრის წინ ზემობს.

თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ინტერნეტ-ხალხმა უცბად შეამჩნია ერთი უცნაურობა: ფოტოს დედანში ერთ კაცს, მაყურებელს, სხვა სახე აქვს, ხოლო მაგუაირის ვერსიაში — სხვა. გამოდის, რომ მაგუაირს თავის ვერსიაში ნამდვილი სახე წაუშლია და მის ადგილას სხვისი დაუსვამს. მოკლედ, „მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანს ფოტოშოპით უჩალიჩია.

ნეტავ ვინ არის ეს კაცი? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. კაცმა რომ თქვას, საეჭვოა ინგლისურ და ევროპულ საფეხბურთო ციებ-ცხელებაში ვინმეს კიდევ გაახსენდეს მაგუაირის ეს ხუმრობა, მაგრამ ადამიანი მოგეხსენებათ ცნობისმოყვარეა და ისეთი რაღაცების გაგებაც უნდა, რასაც მისთვის სინამდვილეში მნიშვნელობა არ აქვს.

ეს გოლი ჰარი მაგუაირისთვის პრემიერლიგაში მე-11 იყო. ხსენებული 11 გოლიდან მან 7 თავურით შეაგდო. მაგუაირს

სულ 195 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან მისმა გუნდებმა 88 მოიგეს, ხოლო 66-ში დამარცხდნენ.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, მაგუაირის შემდეგ „ლიდსს“ ბრუნო ფერნანდეშმაც გაუტანა, მაგრამ, მეორე ტაიმის პირველ 10 წუთში როდრიგო მორენომ და რაფინიამ ანგარიში გაქვითეს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უპირატესობა 70-ე წუთზე დაიბრუნა, როდესაც ფრედმა სასწორის ფიალა კვლავ სტუმრების სასარგებლოდ გადაწია, ხოლო 88-ე წუთზე ენტონი ელანგამ  შეხვედრას წერტილი დაუსვა.