კვირას, „მესტალიაზე“, „ვალენსია“ „ბარსელონას“ მასპინძლობს. თუკი ხოსე ბორდალასის გუნდს ლა ლიგის ცხრილის უსახურ სიღრმეებში ჩავარდნა არ სურს, მრისხანე მეტოქეს რამე უნდა მოუხერხოს.
როგორც plazadeportiva.com წერს, მეკარე იასპერ სილესენი და ტიერი რენდალ კორეია არ იქნებიან. მათ პარასკევს მორიგი სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ასეთ პირობებში, ვალენსიელთა ალიკანტელი მწვრთნელი შემდეგ ფეხბურთელებს დაეყრდნობა:
კარში გიორგი მამარდაშვილმა ხუამე დომენეკს ტოსტი შეუჭამა (სიტყვასიტყვით ვთარგმნეთ) და „მესტალიაზე“ ძელებს შორის იდგება.
დაცვა სავარაუდოდ ასე შეიკვრება: დიმიტრი ფულკიე მარჯვნივ, ხოსე ლუის გაია მარცხნივ, მუკტარ დიაკაბი და ომარ ალდერეტე კი შუაში.
ნახევარდაცვაში ვიხილავთ უგო გუილამონს, ილიაშ მორიბას და კარლოს სოლერს, ოღონდ იმის მიხედვით, ბორდალასი 4-1-4-1-ს აირჩევს 4-3-3-ს სოლერი ან ცენტრში იქნება ან მარჯვნივ. მარცხნივ ბრაიან ხილის ადგილია.
წინ კი იქნებიან უგო დურო და გუედეში. თუ სოლერი ცენტში ითამაშებს, დურო მარჯვნიდან შეუტევს.