„ბარსელონამ“ უჩვეულო ცხოვრება დაიწყო — ევროლიგაში თამაშობს. „კატალონიის სიამაყემ“ „კამპ ნოუზე“ „ნაპოლისთან“ 1:1 ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მოხდა ის, რაც 20 წელიწადია არ მომხდარა — „ბარსა“ ფლეი-ოფის ეტაპზე ვერ გადავიდა. მას ჯგუფში „ბაიერნმა“ და „ბენფიკამ“ გაასწრეს. შესაბამისად ჩავის გუნდს ევროლიგის დაგემოვნება მოუხდა.

და როგორც ჩანს, „ბარსელონას“ ახალ შეჯიბრებაში გამოჩენა მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის იმდენად უცხო ხილი იყო, რომ ხალხმა თამაშზე მეტი ყურადღება გარეშე ფაქტორებს მიაქცია. სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, პირველი დიდი ტალღა ევროლიგის ჰიმნის გამო აგორდა. გულშემატკივარი „კამპ ნოუზე“  ანგარიშმიუცემლად მაინც ნაცნობ ჰიმნს ელოდა და დინამიკებში სხვა მელოდია რომ გაისმა, ამან შოკის ეფექტი გამოიწვია. უმეტესობა გულნატკენი წერდა, რომ „კამპ ნოუ“ ამას არ იმსახურებს და ახალი ჰიმნი ყურს უშნოდ მოხვდა, თუმცა იყო კიდევ ორი კატეგორიის კომენტარები: ერთნი უბრალოდ ხარობდნენ, მეორენი კი გაწბილებულები წერდნენ, რომ „ბარსას“ დღევანდელი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ღირსნი არ არიან.

კიდევ ერთი ამბავი, რომელმაც ყურადღება მიიპყრო, ის მაისურა გახლდათ ფერან ტორესს მეორე ტაიმში რომ ეცვა. მასზე „ბარსელონას“ გერბი არ იყო გამოსახული და ერთ-ერთ ესპანურ გამოცემას თუ დავესესხებით, თანაგუნდელების მაისურებთან შედარებით იაფ ასლს ჰგავდა.

რაც შეეხება ფეხბურთს, მიმომხილველები ხაზს უსვამენ, რომ თამაშს მასპინძლები აკონტროლებდნენ და ტორესს ხელსაყრელი მომენტები რომ არ გაეშვა ხელიდან, მოიგებდნენ. „ბარსაში“ „მანჩესტერ სიტიდან“ გადაბარგებული თავდამსხმელი თავადაც გაწბილებული იყო და მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ დასაწყნარებელი გახლდათ.

ანგარიში 29-ე წუთზე სტუმართა პოლონელმა ნახევარმცველმა პიოტრ ზიელინსკიმ გახსნა, 59-ე წუთზე კი ტორესმა პენალტით გაათანაბრა. როგორც თავად კატალონიური „სპორტი“ წერს, ამ ეპიზოდში (ბურთის ხელზე შეხებისთვის) თერთმეტმეტრიანის დანიშვნა ალბათ  „ნაპოლისთვის“ ზედმეტად მკაცრი სასჯელი იყო, მაგრამ ფაქტია: თავად დარტყმა ტორესმა ცივად შეასრულა.