გეხსომებათ, რა ამბავი იყო ატეხილი გასულ ზაფხულს ჰარი კეინის „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ დარჩენა-არ დარჩენის გამო. არ არის გამორიცხული მომავალ ზაფხულშიც იგივე განმეორდეს. ამის წინაპირობა არსებობს. კეინმა თქვა, სანამ რამეს გადავწყვეტ, მინდა დავრწმუნდე, რომ კლუბი ანტონიო კონტეს შემადგენლობის გაძლიერების საქმეში მხარში უდგასო.

ინგლისის ნაკრების კაპიტანი უკვე 28 წლისაა, მაგრამ „ტოტენჰემის“ გადამკიდე უტიტულოდ არის. მეორე მხრივ, „სფურზი“ მისი ბავშვობის კლუბია. თან, რაც მწვრთნელად კონტე დაინიშნა, თავდამსხმელი აშკარად უფრო ხალისიანადაა. ეტყობა, რომ სხვაგან გადასვლას დარჩენა უჯობს, მაგრამ თავის მხრივ კლუბმაც უნდა შეუწყოს ხელი.

წასვლის შემთხვევაში „ტოტენჰემის“ თილისმის სავარაუდო ნავსაყუდელი „მანჩესტერ სიტი“ იქნება. „ეტიჰედიდან“ უთვლიან, ჩვენთან თუ გადმოხვალ ჯამაგირს გაგიორმაგებთ, კვირაში 400 000 გირვანქას გაგიხდითო.

შარშან ზაფხულს „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ პრეზიდენტმა დენიელ ლევიმ დაიჟინა, კეინს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავყიდი თუკი მის სანაცვლოდ 160 მილიონ გირვანქას გადამიხდიანო და ამით „სიტიში“ ტრანსფერი ჩაშალა. თავდამსხმელს „დეზებთან“ 2024 წლამდე აქვს ხელშეკრულება.

ორიოდ კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში კეინმა თქვა, რომ კონტეს ხელმძღვანელობით თავს კომფორტულად გრძნობს. ის მართლაც ადრინდელზე კარგ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მან 21 გოლი გაიტანა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათგან პრემიერლიგაში მხოლოდ 5 შეაგდო. ამის მიუხედავად, თუკი კეინი ახალი კლუბის ძებნას შეუდგება, მთხოვნელები არ დააკლდება. „მანჩესტერ სიტის“ გარდა მისი გადაბირების სურვილი აქვს „მანჩესტერ იუნაიტედსაც“. „იუნაიტედის“ გააქტიურება მაშინ ნახეთ, თუკი გუნდს სათავეში კეინის ძველი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ჩაუდგება. ამჟამად არგენტინელი „პარი სენ ჟერმენის“ თავკაცია.