კილიან მბაპემ „რეალს“ 90+3 წუთზე მეხი დასცა, შეხვედრის ერთადერთი გოლი გაუტანა და ნათლად აჩვენა, რა ძალა შეემატება მომავალი სეზონიდან; რასაკვირველია, თუ ტრანსფერი შედგება და მბაპე მადრიდში გადავა. ჯერჯერობით კი რაკეტასავით სწრაფი ფრანგი „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელია და პარიზული გუნდი მისი გოლის წყალობით ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრის სათამაშოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამარჯვებული ჩავა.

93-ე წუთსა და მე-14 წამზე გაშვებული გოლი „რეალის“ ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგაში, ყველაზე გვიანი აღმოჩნდა.

მატჩი, რომლის ერთადერთი გოლი მბაპემ ბოლოწამს შეაგდო კიდევ იმით იყო საყურადღებო, რომ 62-ე წუთზე ლეო მესიმ, ცხოვრებაში პირველად, „რეალს“ პენალტი ვერ გაუტანა. არგენტინელს ტიბო კურტუამ აუღო. პენალტი იმავე მბაპეს მოპოვებული გახლდათ.

მსოფლიოს შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელისთვის მადრიდის გუნდი ყოველთვის განსაკუთრებული გამღიზიანებელი იყო და მასთან წინა 45 შეხვედრაში შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა: 26 გოლი და 14 საგოლე პასი. ორმოცდამეექვსე შეხვედრაში ამ მონაცემებს ვერ-გატანილი თერთმეტმეტრიანი დაემატა.

მბაპე კი თავს იკლავდა. ის აშკარად გამოირჩეოდა თავისი მონდომებითა და გარღვევებით, რისთვისაც ორმაგი მოტივაცია ჰქონდა — ერთი სატურნირო და მეორე სატრანსფერო.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ფრედ დამთავრებას ცოტა დააკლდა, თუკი რომელიმე მხარე გამარჯვებას იმსახურებდა, ეს „პარი სენ ჟერმენი“ იყო. თავად განსაჯეთ, „რეალმა“ კარისკენ მხოლოდ ორჯერ, ჩარჩოში კი ერთხელ დაარტყა. მადრიდელებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი კუთხური ჩააწოდეს და სულ ოთხი კონტრშეტევა მოაწყეს.

პარიზელებმა კარისკენ 17-ჯერ დაარტყეს, აქედან კარის ჩარჩოში რვაჯერ. მათ შვიდი კუთხური ჩააწოდეს და 12 კონტრშეტევა განახორციელეს.