„ვალენსიამ“ „ალავესთან“ სტუმრად 1:2 წააგო. ჩვენთვის ეს შეხვედრა უპირველეს ყოვლისა ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის გამო იყო საინტერესო. ამთავითვე უნდა აღინიშნოს, მართალია „ღამურები“ დამარცხდნენ, მაგრამ პირადად გიორგიმ კარგად ითამაშა და superdeporte.es-ში გამოყენებულ ფრაზას თუ ვისესხებთ, თავის წილ მეტოქეებს აჯობა.

თამაში იმით დაიწყო, რომ „ალავესმა“ უკბილო ვალენსიელებს სახიფათო შეტევა მოუწყო, მამადუ ლოუმი მამარდაშვილის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ქართველმა მეკარემ ჩინებულად ითამაშა, კარი პირველივე წუთებზე გაშვებული გოლისგან იხსნა და თანაგუნდელებს გონს მოგების შანსი დაუტოვა.

მასპინძლებმა მე-14 წუთზე მაინც გახსნეს ანგარიში. გოლი კუთხურს მოჰყვა. ესკალანტემ ჩაკიდებულ ბურთს თავური დაარტყა, რომელზეც მამარდაშვილს ჩინებული რეაქცია ჰქონდა. ქართველმა ბურთი მოიგერია, მაგრამ პოზიციადაკარგულ ვალენსიელ მცველებს ლოუმმა აჯობა.

ამის მერე მამარდაშვილმა დურანტესაც აუღო. როგორც plazadeportiva წერს, პირველ ნახევარ საათში ის თანაგუნდელებს შორის ყველაზე გამორჩეული იყო.

შესვენების შემდეგ ბორდალასმა, რომელმაც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისმა გუნდმა პირველი ტაიმი მთლიანად ჩააგდო, ისეთ ცვლილებებს მიმართა, რომელთა წყალობით შეტევა უნდა გაძლიერებულიყო. 62-ე წუთზე გონსალო გუედეშმა პენალტით გაათანაბრა კიდეც ანგარიში, მაგრამ 76-ე წუთზე პენალტის მოტანილი პენალტმავე წაიღო — გოლი ხოსელუმ გაიტანა.

ბორდალასის გუნდს, სავარაუდოდ, შუა კვირაში, ბილბაოში, სამეფო თასის ნახევარფინალში ნათამაშევი 1:1-ის გამო ჰქონდა ძალა გამოცლილი.

„ვალენსიას“ ახლა უკვე ზედიზედ 6 თამაშია არ მოუგია.