მსაჯისთვის თამაშის ბოლო წამებზე 22 გამძვინვარებული ფეხბურთელის დაშოშმინება თითქმის შეუძლებელი საქმეა, მაგრამ, როდესაც ჩხუბში „აუტჩიკებიც“ ერთვებიან და მოთამაშეებს ურტყამენ, ჩნდება ეჭვი, რომ მოქმედება სადღაც, ჯოჯოხეთთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს. ასეთი გახლდათ პორტუგალიის ჩემპიონატში „პორტუსა“ და „სპორტინგის“ შეხვედრა, სადაც ჩხუბში 40 კაცამდე ჩაერთო.

ემოციები ზღვარს მსაჯის წამატებულ წუთებზე გადაცდა. პირველ ტაიმში „სპორტინგი“ დაწინაურდა — 2:0, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდე ერთის გატანა მოახერხეს. მეორე ტაიმში მსაჯმა სტუმართა მცველს სებასტიან კოატეშს მეორე ყვითელი ბარათი ამოუღო და მოედნიდან გააძევა. 78-ე წუთზე „პორტუმ“ გაქვითა, ბოლო წუთებში კი მეტოქეს გამარჯვების გოლის გასატანად მიაწვა.

სწორედ ამ დროს მოხდა ის, რამაც ჩხუბი გამოიწვია: „სპორტინგის“ მეკარემ ანტონიო ადანმა ჩინებულად ითამაშა, მაგრამ მოგერიებული  ბურთი ჰაერში დაეკიდა და ვეტერანმა პეპემ თავით სცადა მისი კარში შეგდება. ჟოაო პალინიამ კი კარის გადარჩენა ფეხით მოინდომა და პეპეს სავარაუდოდ თავში მოარტყა.

პეპე, როგორც სჩვევია, მოედანზე გაგორდა, თან ცალი თვალით მოვლენებს აკვირდებოდა. თამაში ასე დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი მსაჯის სასტვენის ხმა გაისმა.

ამ დროს ატყდა ჩხუბი, რომლის დროსაც ყველა ყველას დაერია.

საბოლოოდ, შეხვედრა დასრულდა ხუთი წითელი ბარათით. ანგარიში დაფიქსირდა — 2:2.

„პორტუ“ მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია და „სპორტინგს“ 6 ქულით უსწრებს.