Iverieli: ილია დათუნაშვილი გასახდელშიილია დათუნაშვილს  სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, ორი ეპოქალური მოვლენის შემოქმედია – თბილისის  „დინამოს“ პირველი საჩემპიონო მატჩის მთავარი გმირი გახდა ორი გოლით და ერევნის „არარატს“ ერთ ტაიმში 5 გოლი გაუტანა (27 წუთში). ამის შესახებ ბევრჯერ დაწერილა.

მე ერთი, ბევრისთვის უცნობი , თითქოს არაფრით გამორჩეული მატჩი მინდა გავიხსენო.  ეს შეხვედრა „დინამოს“ გაჩემპიონების შემდეგ მალევე გაიმართა (ზუსტი დრო არ მახსოვს). თბილისს პოლონური გუნდი ბიდგოშჩის „ზავიშა“ ეწვია „დინამოსთან“  ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად. დინამოელებმა თითქმის მეორე შემადგენლობა დააყენეს. პირველ ტაიმში დიდი არაფერი მომხდარა. მაყურებელს (რომელიც მაშინ ამხანაგურ შეხვედრებზეც მრავლად იყო) სეირი სურდა. და აი, მოედანზე ილია დათუნაშვილი გამოვიდა. ტრიბუნები გამოცოცხლდა და  ატყდა ძახილი:

ილო კუთხური! გოლი! ილო კუთხური! გოლი!

დათუნაშვილი ხომ კუთხურის დიდოსტატად ითვლებოდა და ტაშკენტის საჩემპიონო შეხვედრაშიც პირველი გოლი კუთხურიდან გაიტანა. და რას აკეთებს დათუნაშვილი – მსუბუქად ახვედრებს ბურთს მცველს, რომელიც კუთხურზე გადის. აწვდის კუთხურს და … გოლი!!!

უხსოვარი დროიდან ფეხბურთს ვუყურებ და შეკვეთით კუთხურიდან პირდაპირ გატანილი გოლი მეტად აღარ მინახავს.