„ვალენსიამ“ სამეფო თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა — „სან მამესზე“ „ბილბაოსა“ და გიორგი მამარდაშვილის გუნდს შორის უკიდურესად დაძაბული შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩში, რომელიც ბევრი ძიძგილაობით და შეჩერებებით გამოირჩეოდა, „ღამურებმა“ მოახერხეს მთელ რიგ ეპიზოდებში ინიციატივა მოეპოვებინათ. ანგარიში 37-ე წუთზე რაულ გარსიამ გახსნა, მაგრამ 65-ზე უგო დურომ გაქვითა. სტუმრებმა ბასკეთი გულნატკენებმა დატოვეს, რადგან 1:1-ის შემდეგ, ერთ ეპიზოდში, მსაჯმა მათ სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა. ორი აზრი არ არის, საპასუხო შეხვედრა ასევე დაძაბული იქნება, თუმცა „ვალენსიას“ უპირატესობა ექნება და მას „მესტალია“ ჰქვია.
ხოსე ბორდალასის ფეხბურთელები მოედანზე მოტივირებულები გავიდნენ. მათ თავი არ დაუხრიათ მეტოქისთვის, რომელმაც გზად ნახევარფინალისკენ შეჯიბრებიდან „ბარსელონა“ და „რეალი“ გამოთიშა. „ჩეების“ ამოცანა იყო მასპინძლების აგრესიული შეტევები შეეჩერებინათ, რისთვისაც მაღალ პრესინგს მიმართეს და არც შემცდარან. სტუმრებმა კარგად იცოდნენ, რომ ბასკების კოზირი ძალისმიერი ორთაბრძოლები და მაღალი ბურთებისთვის ბრძოლა იყო, რაშიც ტოლი არ დაუდეს მათ.
შეხვედრის დეტალურ აღწერას არ შევუდგებით, თუმცა ვიტყვით, რომ პირველ ტაიმში იყო ერთი უსიამოვნო ეპიზოდი, როდესაც მეტოქისგან შევიწროებულმა მუკტარ დიაკაბიმ (რომელმაც მანამდეც გარისკა და „ვალენსიას“ კარში კინაღამ პენალტი დაანიშნინა), მამარდაშვილს მეტისმეტად ძლიერად მიუგორა ბურთი, რომელსაც გიორგიმ ფეხი ააცილა. საბედნიეროდ ბურთმა კარს გვერდით ჩაუარა.
ამის შემდეგ კი იყო მომენტი, როდესაც მამარდაშვილმა კუთხე კარგად დაფარა და ვილიამსს არ გაატანინა.
„დღეს დიდებული შეხვედრა ჩავატარეთ გუნდთან, რომელიც ფანტასტიკურ ფორმაშია და „ბარსელონასა“ და „რეალს“ მოუგო. ამასთან, დაგვრჩა განცდა, რომ შეგვეძლო შინ გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით, მაგრამ უგო დუროს წაქცევისთვის პენალტი არ დაგვარტყმევინეს.
არ მინდა მსაჯს რამე დავაბრალო. მან რთულ, ინტენსიურ შეხვედრას თავი კარგად გაართვა, მაგრამ როდესაც გასახდელში დავბრუნდით და ჩანაწერი ვნახეთ, ყველანი ერთ აზრზე დავდექით — ეს ნამდვილი პენალტი იყო. ამიტომ გაუგებარია, რატომ არ დაეხმარა არბიტრს VAR-ი და რატომ არ მიუთითა, რომ თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. იმავეს ვიტყვი ეპიზოდზე, როდესაც კარლოს სოლერი წააქციეს. მსაჯს პირდაპირ წითელი ბარათი უნდა ამოეღო“, — თქვა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ბორდალასმა.