ათი წელია ასეთი გვალვა არ ყოფილა

245

კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში ვერ გაიტანა. ასეთი „გვალვა“ პორტუგალიელს ათ წელიწადზე მეტია არ ჰქონია.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავმა იანვარში, „ბრენტფორდთან“ თამაშის შემდეგაც წონასწორობიდან გამოსულმა დატოვა მოედანი. და აი, მას გუშინ „ბარნლისთან“ ნათამაშები 1:1-ის მერეც იგივე მოუვიდა — გამწარებული შევარდა გასახდელში.

მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე არ შეყოვნებულა, რათა გულშემატკივრისთვის ტაში დაეკრა და ტრადიციული მადლობა ეთქვა.

„ტარფ მურზე“ რონალდუ თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ის მოედანზე მხოლოდ მაშინ შევიდა, როდესაც თამაშის დამთავრებამდე 20 წუთი რჩებოდა. მანკუნიანელთა დროებითმა თავკაცმა რალფ რანგნიკმა სასტარტო შემადგენლობაში რონალდუს ედინსონ კავანი ამჯობინა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო. „იუნაიტედმა“ ოთხეულში მოხვედრისთვის ძალიან საჭირო ქულები დაკარგა.

„პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს ვიგებდით, — თქვა მატჩის შემდეგ რანგნიკმა და დასძინა, — ცხადია ვიცოდით, რომ შესვენების შემდეგ მოწინააღმდეგე გაცილებით აგრესიულად გვეთამაშებოდა. სწორედ ამიტომ, ერთადერთი, რაც ჩემს გუნდს შემიძლია ვუსაყვედურო არის ის, რომ მეორე ნახევრის პირველ 20 წუთში თავად არ ვიყავით აგრესიულები. სხვა მხრივ, მთელს თამაშს თუ გავიხსენებთ, ინიციატივა მეტწილად ჩვენს ხელში იყო“.

კრიშტიანუ რონალდუმ კი გოლი ვერ გაუტანა „ვულვზს“, „ბრენტფორდს“, „ვესტ ჰემს“, „მიდლსბროს“ და „ბარნლის“.