რაღა თქმა უნდა, საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩამდე
მესხზე წუთიერი დუმილი გამოცხადდა – საზოგადოებამ პატივი მიაგო ჩვენი გარდაცვლილი კოლეგის, „სარბიელის“ ყოფილი ჟურნალისტისა და რაგბის მემატიანის ზაალ გიგინეიშვილის ხსოვნას.

რაც შეეხება საკუთრივ მატჩს, იმედს კი ვიტოვებდით, რომ შემადგენლობასთან დაკავშირებული ხათაბალა ჩვენს ბორჯღალოსნებს ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ იმავდროულად ვშიშობდით, რომ ნაკრების ახალწვეულები ან გარკვეული პაუზის შემდეგ დაბრუნებულები შეთამაშებას ვერ მოასწრებდნენ და ასეც მოხდა.

პორტუგალიელმა „მგლებმა“ დაადასტურეს ლევან მაისაშვილის მოსაზრება, რომ ისინი „ევროპის რაგბის“ ჩემპიონატზე ჩვენი ყველაზე ძლიერი მეტოქეები არიან.

ევროპის უკიდურესი დასავლეთიდან ჩამოსულმა ბიჭებმა არაფერი დაგვითმეს და უფრო მეტიც, კინაღამ გვაჯობეს კიდეც.

25:25  – საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირში 20-მატჩიანი მოგებათა სერია ამით დაუსრულდა.

მართალია, ორი წლის ჯამში ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის საგზურის მოპოვების უპირველეს პრეტენდენტებად კვლავაც რჩებიან, მაგრამ ახალდაწყებულ ტურნირში მათი გაჩემპიონების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა.

პორტუგალიამ ჩემპიონატის თავისი ურთულესი მატჩი ფრედ დაასრულა – სტუმრად ქართველებს დაუზავდა, დანარჩენი კი მომდევნო მატჩებში გაირკვევა.

ქართველებმაც და პორტუგალიელებმაც დარჩენილი 4-4 მატჩი მაქსიმალური ანგარიშით უნდა მოიგონ და ეს დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხია…

შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჭყოიძე – 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ კვაჭის პოზიციაზე მხოლოდ ეს სამი კაცი თამაშობდა. საანგარიშო მატჩში კი სამივე მათგანმა კორონავირუსით დაინფიცირების გამო  ვერ ითამაშა და 2 ნომერზე ვანო კარკაძე დადგა.

ვანო უთუოდ პერსპექტიული ახალგაზრდაა, მაგრამ მან ვერაფრით დაამყარა კომუნიკაცია ჩვენს მხტომელებთან და პირველ ტაიმში ქართველებმა, ვგონებ, ყველა თავისი მოწოდებული დერეფანი წააგეს, აღარაფერი რომ ვთქვათ პორტუგალიელებისაზე არადა, ეს კომპონენტი ქართულ შეტევაში ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანია.

მეორე ტაიმში კარკაძის ნაცვლად ლუკა ნიორაძე ჩაერთო თამაშში და თავის სადებიუტო მატჩში შედარებით უკეთ კი აგდებდა ბურთს, მაგრამ დერეფნის თამაში მაინც ვერ გაიმართა.

შერკინებამ ნორმალურად ითამაშა, მაგრამ „მგლები“ მაგრად იდგნენ და მათთან პაექრობა ძალების დაძაბვის მაქსიმუმს მოითხოვდა.

და ყველაზე დიდი ხარვეზი – ბურთის ხშირი კარგვა. ბოლო წლებში ამდენი ელემენტარული შეცდომა ჩვენს ნაკრებს არ დაუშვია და ეს კიდევ ერთი შედეგია მიმოხილვის თავშივე ნახსენები საკადრო პრობლემებისა.

ჩვენი თუ მეტოქის ლელოების აღწერას არ დავიწყებთ, მაინც ყელას ნანახი აქვს, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ქართველთა 25 ქულიდან 10 თედო აბჟანდაძემ გააკეთა – 2 ჯარიმითა და 2 გარდასახვით. თითო ლელო კი საკუთარ ანგარიშზე აკა ტაბუცაძემ (მე-13 სანაკრებო), გრიგორ ქერდიყოშვილმა (მე-2) და თორნიკე ჯალაღონია (მე-3) ჩაიწერეს.

მომდევნო მატჩი – შაბათს, 12 თებერვალს, ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გვაქვს, რომელსაც შაბათს ესპანელებმა 43:0 გადაუარეს, ხოლო ტურნირის გახსნით მატჩში რუმინელებმა რუსებს 34:25 აჯობეს.