სენეგალის ნაკრები პირველად გახდა აფრიკის ჩემპიონი. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში გადამწყვეტი გოლი სადიო მანემ გაიტანა და „ენფილდზე“ რომ დაბრუნდება, ტრაბახის ექსკლუზიური უფლება მას ექნება. მანეს ეგვიპტელ თანაგუნდელ მო სალაჰს კი გაჩუმება მოუწევს.
მატჩის მე-7 წუთზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ეგვიპტის კარში პენალტი დაინიშნა. „ფარაონებმა“ მსაჯთან სამი წუთი იკამათეს, შემდეგ კი სალაჰი თავის მეკარესთან გაბასკისთან მივიდა და ყურში რაღაც უჩურჩულა. ჩურჩულის შედეგად მანემ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, გოლკიპერმა აუღო.
მაგრამ, ნათქვამია იცინის ის, ვინც ბოლო იცინისო. ბოლო კი მანე იყო. გაბასკის კარში თავისი მეორე პენალტი მან ზუსტად შეასრულა, მანამდე კი „ჩელსის“ კარის მცველმა ედუარ მენდიმ მოჰამედ ლაშენის დარტყმა აიღო.
სალაჰს მანეს შემდეგ უწევდა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მისვლა, მაგრამ დარტყმის ნაცვლად ლივერპულელი თანაგუნდელის ზეიმის ნახვა მოუხდა.
ეგვიპტეს ფლეი-ოფის აგერ უკვე მესამე შეხვედრაში მოუხდა პენალტების დარტყმა.