დელე ალი „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ „ევერტონში“ გადავიდა და „გუდისონ პარკზე“ გულშემატკივრის წინაშე წარდგა. ამ პრეზენტაციაზე მისმა ჩაცმულობამ ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი და ოდინდელი ვარსკვლავი გლენ ჰოდლი გააღიზიანა. „ქუჩიდან შემოთრეულს“ ჰგავდაო, ბრძანა 25 წლის ნახევარმცველზე ჰოდლმა, რომელიც დიპლომატიური ლაპარაკით არასდროს გამოირჩეოდა. ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან იმიტომ მოხსნეს, რომ ხეიბარ ხალხზე თქვა, წინა ცხოვრებაში ცოდვილები იქნებოდნენო. არადა, ჰოდლის ხელმძღვანელობით გუნდი ჩინებულად თამაშობდა. ქართველი გულშემატკივარს ახსოვს, რომ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მისმა გუნდმა (რომელშიც დევიდ ბექემის დებიუტი შედგა) საქართველოს ნაკრებს ლონდონშიც და თბილისშიც 2:0 მოუგო.

დელე ალის საქმე „ტოტენჰემში“ ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ ცუდად წავიდა — მისი ვარსკვლავი ჩაქრა, სათამაშო დროს წუთობით აგროვებდა. ამიტომაც, როდესაც ფრენკ ლემპარდმა „ევერტონში“ უხმო, სიხარულით დათანხმდა. დელე ალის ტრანსფერი კლუბებმა იანვრის ბაზრობის ბოლო დღეს გაჩარხეს.

მხარეებმა ისე მოილაპარაკეს, რომ „ევერტონმა“ „დეზებს“ ჯამში შეიძლება 40 მილიონი გირვანქა გადაუხადოს. ეს გარკვეულ პირობებზე იქნება დამოკიდებული. პირველი 10 მილიონი კი ლონდონის კლუბის ანგარიშზე მას მერე დაჯდება, რაც დელე ალი „ევერტონის“ შემადგენლობაში 20 შეხვედრას ჩაატარებს.

BT Sport-ის ეკრანიდან ჰოდლმა თქვა: „თუ ის ბუცებს ჩაიცვამს და თავს დახრის, შეიძლება კიდევ ათამაშდეს ძველებურად, მაგრამ რაც „გუდისონ პარკზე“ ვნახე ძალიან არ მომეწონა. ან როგორ იქცეოდა, ან როგორ ეცვა… ვიცი რობს (რობ სევიჯს) უყვარს ასეთი ჩაცმა, მაგრამ დელე ალი სხვა მდგომარეობაში იყო. ის ახალი გუნდის ქომაგების წინაშე წარდგა და მოვალე იყო სხვანაირად გამოწყობილიყო“.

რატომ ახსენა ჰოდლმა რობ სევიჯი? იმიტომ, რომ სევიჯს დელე ალის ჩაცმულობა მოეწონა. გულწრფელად გეტყვით, საუცხოოდ ეცვაო.

„რომ შევხედე, ვფიქრე ვიღაც ქუჩიდან შემოათრიეს, მეთქი, — განაგრძო ჰოდლმა, — მე „ევერტონის“ ფანი ვარ. როდესაც ახალი გუნდი წარდგენას გიწყობს, სპორტული ფორმა მაინც ჩაიცვი. აქ საქმე ფრენკ ლემპარდსა და „ევერტონში“ არ არის, დელე ალი თავად უნდა დაბრუნდეს იმ კალაპოტში, საიდანაც მას გოლები გაჰქონდა“.