„ნიუკასლის” ახალწვეულები: კრის ვუდი და კიერან ტრიპიერი

იანვრის სატრანსფერო ბაზარი დაიხურა. „დეილი მეილი“ წერს, რომ ჩვეულებრივ ფეხბურთელებით ვაჭრობა ზამთარში უფრო მოკრძალებულია ვიდრე ზაფხულში. ახალი წლის გამოფენა-გაყიდვაზე ხმაურიანი გარიგებები ნაკლებად გვხვდება, მაგრამ თუ გასული იანვრის ინგლისურ „წადი-მოდის“ ჩავხედავთ, მაინც ამოვიკითხავთ ცნობილი ფეხბურთელების გვარებს: ფილიპე კოუტინიუ, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, დელე ალი, დონი ვან დე ბეკი და სხვა.

„დეილი მეილმა“ პრემიერლიგის ზამთრის ნასყიდობები გააანალიზა და გუნდები წარმატებულ, ხელმოცარულ და „ისე რა“ კატეგორიებად დაახარისხა. გადავწყვიტეთ, გაზეთის მოსაზრებები მოკლედ გაგაცნოთ.

წარმატებულები

„ასტონ ვილამ“ ფილიპე კოუტინიუს გარდა კიდევ სამი ფეხბურთელი დაიმატა, მაგრამ შვიდი გაუშვა და შვიდივე იჯარით. „დეილი მეილს“ მიაჩნია, რომ მიდლენდერებმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე გამჭრიახობა გამოამჟღავნეს.

„ვილამ“ „არსენალისგან“ კალუმ ჩემბერსი თავისუფალი ტრანსფერით ისე გადაიბირა, რომ სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ ჭორაობის ეპოქაში, სანამ ამბავი კლუბის ოფიციალურ საიტზე არ დაწერა, ვერავინ გაიგო.

მთავარი კი რასაკვირველია კოუტინიუს იჯარით დამატება იყო.

„ევერტონი“ დონი ვან დე ბეკით, დელე ალით (ბოლო წამს) და კიდევ ორი ფეხბურთელით გაძლიერდა. გაყიდა მხოლოდ ერთი კაცი, მაგრამ 25 მილიონ გირვანქად.

ამ მერსისაიდული კლუბის იანვრის ამბებიდან მნიშვნელოვანია მწვრთნელის ცვლილება: წავიდა რაფა ბენიტესი; მოვიდა ფრენკ ლემპარდი.

„ლივერპულმა“ 40 მილიონ გირვანქად „პორტუსგან“ იყიდა 25 წლის კოლუმბიელი გარემარბი ლუის დიასი, „ბორმნუთს“ კი იჯარით ნეთ ფილიპსი მისცა. დიასის შეძენა „ტოტენჰემს“ უნდოდა, ანუ „წითლებმა“ ლონდონელებს აჯობეს. გარდა ამისა, ეს ტრანსფერი შორს მიმავალ გათვლასაც წარმოადგენს — სავარაუდოდ, ერთ-ორ წელიწადში რობერტო ფირმინო წავა, მო სალაჰის კონტრაქტი კი თავიდან იქნება გასაფორმებელი.

ისე რა

ასე უწოდა „დეილი მეილმა“ გამდიდრებული „ნიუკასლ იუნაიტედის“ ნავაჭრს. მოგეხსენებათ, კლუბი 350 მილიონ გირვანქად საუდის არაბეთის კონსორციუმმა იყიდა.

„კაჭკაჭებმა“ 40 მილიონ გირვანქად „ლიონისგან“ შეიძინეს ბრუნო გიმარაეში, 25 მილიონ გირვანქად „ბარნსლისგან“ გადაიბირეს კრის ვუდი და 13 მილიონად მადრიდის „ატლეტიკოსგან“ წამოიყვანეს ინგლისის ნაკრებიც მცველი კიერან ტრიპიერი. „ასტონ ვილასგან“ იჯარით დაიმატეს მეტ ტარგეტი და იჯარითვე „ბორნმუთში“ გაუშვეს ერთი კაცი.

ამრიგად, როგორც გაზეთი წერს, „ნიუკასლმა“ დახარჯა სადღაც 90 მილიონი. ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი ტრიპიერის მოყვანა გამოუვიდა, 30 წლის ზელანდიელი ვუდის ყიდვით კი ფორვარდი დაიმატა ანუ წესით თვითონ გაძლიერდა და კონკურენტი დაასუსტა.

ბრაზილიელი ნახევარმცველი გიმარაეში ერთი თვის წინ „არსენალს“ უნდოდა…

რაში არ გაუმართლა „ნიუკასლს“? „მანჩესტერ იუნაიტედისგან ჯესი ლინგარდის წამოყვანა უნდოდა და ვერ შეძლო. ხელიდან გაუსხლტა „რეიმსის“ 19 წლის თავდამსხმელი უგო ეკიტიკეც.

ხელმოცარულები

„დეილი მეილის“ აზრით ასეთია „ტოტენჰემი“, რომელსაც მწვრთნელი ანტონიო კონტე შემადგენლობის გაძლიერებას სთხოვდა, თავმჯდომარე დენიელ ლევიმ კი ეს ვერ ან არ გააკეთა: ადამა ტრაორე „ბარსელონამ“ აწაპნა, კოლუმბიელი დიასი კი „ლივერპულმა“.

დეიან კულუშევსკისა და როდრიგო ბენტაკურის ყიდვა ცოტა პანიკურ მოქმედებას ჰგავდაო, თქვა გაზეთმა.

„არსენალმა“ ფაქტობრივად არავინ იყიდა. ნუ, თუ „კოლორადო რაპიდსისგან“ წამოყვანილ ამერიკელ მცველს, 23 წლის აუსტონ ტრასტის არ ჩავთვლით. ისიც, ინგლისში ივლისამდე არ ჩავა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაყიდვა კი თავდასხმაში დიდი დანაკლისი იქნება.

არავინ დაიმატა „ვესტ ჰემმა“. თუ დევიდ მოიესს ოთხეულში მოხვედრა უნდა, გაძლიერდება მართებდა.