„პარი სენ ჟერმენში“ ლეო მესის უგოლო პერიოდი გრძელდება. ფრანგული ფეხბურთის უდიდესი კლუბი ქვეყნის თასის გათამაშებიდან პენალტებით „ნიცამ“ გააგდო. მესის ათნომრიანი მაისურა ეცვა.
საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ „ოქროს ბურთის“ შვიდგზის მფლობელი „ბარსელონადან“ „პარკ დე პრენსზე“ გადასვლის შემდეგ კალაპოტიდან არის ამოვარდნილი. მან 30 ნომრიანი მაისურით, ლიგა 1-ის 12 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
ორშაბათ საღამოს 34 წლის არგენტინელი მოედანზე 10-ნომრიანი მაისურით გავიდა და ცრუმორწმუნეებს იმედი ჩაესახათ, რომ ნომრის გამოცვლა მის შედეგიანობაზეც ჰპოვებდა ასახვას. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენში“ 10-ნომრიანი მაისურა საერთოდ ნეიმარისაა, მაგრამ საფრანგეთის თასის გათამაშებას თავისი წესი აქვს — ფეხბურთელები სათამაშოდ აუცილებლად 1-11 ნომრებით უნდა გავიდნენ.
ვინაიდან ნეიმარი დაშავებულია, კლუბმა მესის პატივი სცა და „ნიცასთან“ შეხვედრაში ლიდერის სიმბოლური მეათე ნომერი მისცა.
ეს გახლდათ მერვედფინალური შეხვედრა, რომლის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დამთავრდა. პარიზელებს ვერც მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა კილიან მბაპემ უშველა.
პენალტების სერია პსჟ-მ მესის დარტყმით დაიწყო. არგენტინელმა შეაგდო, მაგრამ ჯამში მაურისიო პოჩეტინოს გუნდი დამარცხდა.