„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი გაუპატიურებისა ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ 20 წლის თავდამსხმელი წინასწარი პატიმრობის საკანშია. ბრალდებათა შესახებ კვირას დილით გახდა ცნობილი.
ფეხბურთელის დასაჭერად დიდ მანჩესტერში ანუ ჩვენებურად ქალაქს მიერთებულ დასახლებაში, რომელსაც ბოუდონი ჰქვია, პოლიციის მანქანები და ესკორტი მივიდა. დაცვა, რომელიც ფეხბურთელს სავარაუდოდ კლუბმა მიამაგრა, მეზობლად მდებარე მშობლების სახლში იყო. დაცვის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ გრინვუდის დაკავების დროს მისი მშობლები შინ იყვნენ.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ განაცხადა, რომ ფეხბურთელი ვარჯიშებიდან გაურკვეველი დროით თავადაც მოკვეთა.
მეისონ გრინვუდის ხელფასი კვირაში 75 000 გირვანქაა.
დღეისათვის გრინვუდის სანაკრებო მომავალიც გაურკვეველია.
ფეხბურთელის სპონსორმა „ნაიკმა“ როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, დიდი შეშფოთება გამოხატა.
დიდი მანჩესტერის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ გუშინ დილით, 30 იანვარს, სოციალურ ქსელებში ნახა ფოტოები, რომლებიც დაზარალებულმა ქალმა გამოფინა. იმავე ქალმა ოფიციალურადაც იჩივლა.
მეისონ გრინვუდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 6 წლიდან ვარჯიშობს. ის აკადემიის ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. გრინვუდმა „იუნაიტედის“ დიდ გუნდში პირველად 2019 წელს, 17 წლისამ ითამაშა და მას მერე 129 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
თავდამსხმელს იწვევდნენ ინგლისის 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში, ეროვნულ გუნდში კი 2020 წლის აგვისტოში ჰქონდა დებიუტი.