ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის ყველაზე კეთილი ამბავი კრისტიან ერიკსენის ფეხბურთში დაბრუნება იყო. მასთან პრემიერლიგის „ბრენტფორდმა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უკვე ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

29 წლის დანიელი ფეხბურთში, ევრო 2020-ზე მომხდარი საშინელი ისტორიიდან შვიდი თვის თავზე ბრუნდება. მაშინ, ფინეთთან მატჩის პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, დანიის ნაკრების ნახევარმცველი გაითიშა და მინდორზე დაეცა. როგორც შემდეგ გაირკვა, რამდენიმე წამს გული გაუჩერდა. საბედნიეროდ ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა, შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და გულში კარდიო-დეფიბრილატორი ჩაუყენეს. აპარატი, რომელიც გულის მუშაობას აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში ელექტრო იმპულსებს გამოჰყოფს.

თითქოს კარიერა დასრულდა, მაგრამ კრისტიანი კერკეტი გამოდგა და ისევ ბრუნდება დიდ ფეხბურთში. ისევ პრემიერლიგაში. მისი ოცნება კი დანიის ნაკრების მაისურის კვლავ მორგება და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყოფილა.

ბოლო დღეებში მან წარმატებით გაიარა ნაირგვარი სამედიცინო ტესტები და ლოგიკურია, რომ პრემიერლიგის ყველაზე დანიურ კლუბში მოხვდა. დანიელია მთავარი მწვრთნელი, ტომას ფრანკი. ამ ქვეყნის კიდევ  შვიდი წარმომადგენელი ირიცხება გუნდში. ერიკსენი მერვე დანიელი იქნება და წესით, შეგუება არ უნდა გაუჭირდეს.