კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ WhatsApp-ის ჯგუფს შეუერთდა. მიზეზი: გუნდი უფრო ერთსულოვანი რომ გახდეს.
ადრე, რონალდუმ თანაგუნდელებს თავდადება დაუწუნა, ახალგაზრდა მოთამაშეებს კი უსაყვედურა, რჩევებს ყურს არ უგდებენო. ახლა, როგორც ჩანს, 36 წლის სუპერვარსკვლავმა დამოკიდებულება შეცვალა — WhatsApp-ში იმ ჯგუფის წევრი გახდა, რომელშიც ახალგაზრდა მანჩესტერელები ერთმანეთს უკავშირდებიან და ლაზღანდარობენ ან რაღაცაზე მსჯელობენ.
ახლა კრიშტიანუს შეუძლია ილაქლაქოს 24 წლის მარკუს რეშფორდთან, 19 წლის ამომავალ ვარსკვლავ ენტონი ელანგასთან, 20 წლის ჯეიმს გარნერთან („ნოტინგემ ფორესტშია“ იჯარით გაშვებული) და თუნდაც 29 წლის ჯესი ლინგარდთან, რომელიც ასევე ამ ჯგუფის წევრია.
როდესაც რონალდუ ახალგაზრდა მოთამაშეებს აკრიტიკებდა, მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ის გაამართლა, კარგია ყველას თუ შეუძახებს და გამოაფხიზლებსო. ამის შემდეგ, გერმანელმა მწვრთნელმა რონალდუს ლაგამიც ამოსდო — „ბრენტფორდთან“ 3:1 მოგებულ შეხვედრაში ადრე გაიყვანა მოედნიდან. რონალდუს ეს ეწყინა, მაგრამ რანგნიკი ელაპარაკა და დაამშვიდა.
ერთი ხნის წინ მცველმა ლუკ შოუმაც შეუტია თანაგუნდელებს. გუნდში ერთსულოვნება არ არის, მოთამაშეები დაქსაქსულები არიანო.
„სანმა“ კლუბის ეგრეთწოდებული ინსაიდერისგან ანუ კლუბში მოტრიალე (ფეხბურთელია თუ თანამშრომელი არავინ იცის) ადამიანისგან შეიტყო, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს WhatsApp-ის ჯგუფი ჰქონდათ და ერთმანეთისთვის თუ რამე ჰქონდათ სათქმელი, იქ „იკრიბებოდნენ“. კრიშტიანუ სწორედ ამ ჯგუფში გაწევრიანდა.
ახალგაზრდებს თავები სულ ტელეფონებში აქვთ ჩარგული და ლაზღანდარობენ, სასაცილო კლიპებს უგზავნიან ერთმანეთს, ხან პოპულარულ სიმღერებზე ლაპარაკობენ, ხან მოდაზე.
რონალდუ ბევრ მათგანზე თითქმის ორჯერ უფროსია, ოთხი შვილი ჰყავს და ფეხმძიმე ცოლი. მისი ცხოვრება ძალიან განსხვავდება იმ ახალგაზრდების ცხოვრებისგან, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას. ზოგი მათგანისთვის ცოცხალ ლეგენდასთან ურთიერთობა შოკისმომგვრელია და ამიტომ სიამოვნებით მიიღეს ის თავიანთ წევრად. კრიშტიანუც ყველას ეკონტაქტება და ამით საქმეს უადვილებს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბევრი მათგანი კარგ ფორმაში ვერ არის“.