No description available.ბექა შეყლაშვილმა, „კოლომიეს“ 35 წლის ბურჯმა, თავის მრავალწლიან ფრანგულ კარიერაში მე-10 ლელო მიითვალა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მარჯვენა პირველხაზელი (5 მატჩი ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში) ამ ქვეყანაში მე-13 სეზონს ატარებს, ხოლო საკუთრივ „კოლომიეში“ 2017 წლიდან გამოდის, გასულ ტურში კი მან კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლელო დადო.

პრო დ2-ის მე-19 ტურში „კოლომიე“ რეგულარული ჩემპიონატის ლიდერ „ოიონაქსს“ მასპინძლობდა და შეხვედრის 25-ე წუთზე ბექას გუნდმა ძალიან სოლიდური მოლი შეკრა, რომლის შეჩერება სტუმართა განთქმულმა დაცვამ თითქოს შეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში მოლმა მიმართულება შეიცვალა და უმძლავრესი ქართველი ვეტერანის წანააღმდეგ დადგომას ყოველგვარი აზრი დაეკარგა – პარტნიორების დახმარებით ბექამ ოიონაქსელების დაცვა გაარღვია და ბურთი ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ეს იყო მატჩის  პირველი ლელო. კოლომიელებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და  გათამაშების ლიდერს 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაუმუხრუჭეს – 29:17. შეყლაშვილმა 52-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ბექა კაკაბაძე „ოიონაქსმა“ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაიხმარა, როცა სიტუაციის არსებითად შეცვლის აღარანაირი ალბათობა აღარ არსებობდა.

მარცხის მიუხედავად, „ოიონაქსი“ 69 ქულით კვლავაც ლიდერია, „მონ-დე-მარსანი“ მას 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო „ბაიონი“ – 4-ით.

პირველმა კვლავ წააგო –  ვანში 10:33 დათმო, თუმცა მასპინძლებს ბონუსი ბოლო შეტევაში დადებული ლელოთი არ დაანება. ამ ლელოს გატანაში აქტიური მონაწილეობა ლაშა მაჭარაშვილმა მიიღო, რომელმაც მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

No description available.„ბაიონმა“ კი გასვლით მატჩში „ნევერი“ 41:13 გაანადგურა და ბონუსიც დაიმსახურა. მასპინძელთა სასტარტოში თორნიკე მატარაძე იყო, რომელმაც სულ ახლახან კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, ხოლო 56-ეზე თამაშში „რასინგ-92“-დან სეზონის ბოლომდე იჯარით გადმოსული გია ხარაიშვილი გამოჩნდა, რომელმაც ახალ კლუში უკვე მეორე მატჩი ჩაატარა. სტუმართა სასტარტო თხუთმეტეულში კი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე იყო, რომელმაც ტრავმა მიიღო და თამაში მე-9 წუთზე შეწყვიტა. იმედია, დაზიანება უმნიშვნელოა და კოტე ნაკრებს უახლოეს მატჩებში დაეხმარება.

„კარკასონმა“ საკუთარ მოედანზე „მონტობანი“ ძალიან მოულოდნელად გაანადგურა – 31:3 – და ბონუსიც მიიღო. სტუმართა შორის ბოლო 31 წუთი მირიან ბურდულმა ითამაშა.

„ბეზიემ“ კი, ასევე დაუძაბავად „აჟენს“ გადაუარა – 29:3. სტუმართა სასტარტოში ჯაბა ბრეგვაძე იყო, რომელიც 49-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მასპინძელთა მარქაფიდან შეხვედრაში გიორგი ახალაძე (47-ე წუთზე) და ჟორჟი სალდაძე (57-ედან) ჩაერთვნენ.

დაბოლოს, „გრენობლმა“ კვლავ წააგო – ამჯერად შინ „რუანთან“. ანგარიში – 14:15, რამაც ალპელებს ოდენ ბონუსი მოუტანა. მათ სასტარტოში ილია კაიკაციშვილი იყო, რომელმაც 49-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ლუკა გოგინავა მატჩში 70-ე წუთზეღა ჩაერთო.