ავსტრალიის ღია პირველობა ქალთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ სეტის წაუგებლად მოიგო.
25 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ფინალში ამერიკელი დანიელ კოლინზი 6:3; 7:6 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 29 წუთს გასტანა.
პირველ სეტში მომავალმა ჩემპიონმა მეექვსე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მერე მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. მეორე სეტი ბარტისთვის რთული გამოდგა. ავსტრალიელი 1:5 ჩამორჩა და მოწოდებაზე მეტოქე იდგა. ბარტიმ გაათანაბრა, საქმე ტაიბრეიაკამდე მიიყვანა, იქ კი თავიდანვე 4:0 დაწინაურდა და მალე ჩემპიონობაც გაიფორმა.
ერთეულთა თანრიგში, ეს ბარტის კარიერაში მესამე „დიდი მუზარადია“.
Australian Open-ზე მამაკაცთა ტურნირში ჩემპიონის ვინაობა 30 იანვარს გაირკვევა. ფინალში ურთიერთობას რუსი დანილ მედვედევი (2) და ესპანელი რაფაელ ნადალი (6) გაარკვევენ.