„ბარსელონამ“ და „ვულვერჰემპტონმა“ შეთანხმებას მიაღწიეს: ადამა ტრაორე ინგლისიდან მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნდება. ეს ცნობა კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ გაავრცელა.

გამორჩეული ჯანით ცნობილი ვინგერი ხელფასის შემცირებას დათანხმდა. ასე 26 წლის მოთამაშეს საშუალება მიეცემა ახლავე გადაბარგდეს „კამპ ნოუზე“ და საქმეს შეუდგეს.

მართალია, ოფიციალური განცხადება ჯერ არც „ბარსელონას“ გაუკეთებია და არც „ვულვზს“, მაგრამ ცნობილია, რომ ლაპარაკია იჯარაზე, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. თუ ყველაფერი კარგად აეწყო, ადამა „ბლაუგრანასთან“ ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

ესპანეთის ნაკრების წევრი (8 შეხვედრა 2020 წლის შემდეგ) ბარსელონაში ხვალ გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

ტრაორემ „ბარსელონა“ 2015 წელს დატოვა და ინგლისში გადაბარგდა, სადაც „ვულვერჰემპტონამდე“ „ასტონ ვილასა“ და „მიდლსბროში“ გამოდიოდა.