ჯაბა კანკავა - Vbet Newsჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 100 მატჩი, 10 გოლი! მე-100 შეხვედრა შარშან საბერძნეთთან ჩაატარა და იმის მერე აღარ უთამაშია…

რამდენი მაგარი თამაში… საფრანგეთთან თბილისში ლამის სამი კაცის სამუშაო რომ გასწია; რა გოლი გაიტანა მანუელ ნოერის კარში; როგორ ლამის ბადე ჩამოხია ლატვიასთან ერთა ლიგაში; ხორვატიასთანაც ბოლო წუთზე სწორედ მან გააკეთა ბოლოსწინა ჭკვიანური საგოლე პასი; მერე ხორვატიაშიც გაიტანა.

ჯაბა თითქმის 10 წელი იყო ნაკრების კაპიტანი. ის სახალხოდ არ ყვიროდა პრობლემებზე. არიან ასეთები, ჩუმი კაპიტნები, საქციელით მისაბაძები. ტყუილად არ თქვეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა (გიორგი ჩაკვეტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ), ჩვენთვის ნაკრებში ყველაზე მისაბაძი სწორედ კანკავააო.

რა თქმა უნდა, ჯაბას ჩავარდნებიც ჰქონია, მაგრამ უმეტესად მასზე სულ კარგი გვახსოვს და კარგი გაგვახსენდება. ყველანაირად დადებითი პიროვნებაა. აი, მისი განცხადებაც სოციალურ ქსელში:

„ ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ, ბევრი რამის თქმა გსურს. ეს, სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემ ცხოვრებაშიც გამორჩეულია, ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა, მადლობა ჩემ ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში.

გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის, და ახლობელი ადამიანის, დიდი დამსახურებაა რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. მინდა გამოვყო და გამოვარჩიო, ჩემ მიმართ ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გვერდში დგომა. მათმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ ნაკრების წევრი ვყოფილიყავი.

მადლობა თითოეულ მწვრთნელს, ფეხბურთელს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც, თუნდაც ერთი თამაში ჩავატარე და სანაკრებო გარემოში ვიმუშავე. მადლობა იმ პატივისცემისთვის და ურთიერთობებისთვის, რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა.

მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა, წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს, დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში.

ქვეყნის და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი ჯაბა კანკავა.“