No description available.თბილისის „ვიტ ჯორჯია“, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ცოტა არ იყოს, მივიწყებულია – კლუბი თავისი კოლორიტი ფეხბურთელებით, მაგალითად, გიორგი ადამიას გარღვევებით, დავით დიღმელაშვილის ბურთის ფლობითა და პასებით, ოთარ მარცვალაძის სპრინტებით, ლევან მელქაძის გოლებით…

რა თქმა უნდა, პრეზიდენტი: გურამ რუხაძე… მასთან ასოცირდება „ვიტ ჯორჯია“. გუნდი 2018 წელს დაბრუნდა მთავარ ლიგაში, მაგრამ ისევ გავარდა და ბოლო ორი სეზონია, იქაც ფლეი ოფით ახერხებს დარჩენას. შარშანწინ ფოთის „კოლხეთს“ გაჭირვებით აჯობა, შარშან – „თბილისი სიტის“. ისიც სათქმელია, რომ შარშან ვიტელებს ძალიან არ უმართლებდათ, 10 მატჩი მოიგეს, 11 წააგეს და მინუს ერთი ბალანსით გავიდნენ მერვე ადგილზე. ცხრილში იყო სიმჭიდროვე, მეხუთეადგილოსანს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩნენ.

შარშან გუნდს თავიდან გოჩა ერაძე წვრთნიდა, შუა სეზონში კი იგი ახალგაზრდა ლევან ჯობავამ შეცვალა. ჯობავა ვიტელთა დუბლებიდან დააწინაურეს, სადაც კარგი შედეგი აჩვენა და ლიგა 4-ის ზედა ჯგუფში გაიყვანა გუნდი. ელიგა 2-შიც მთავარი ამოცანა (ადგილის შენარჩუნება) შესრულდა.

ვიტელთა ამბებზე სწორედ 33 წლის ჯობავას ვესაუბრეთ. მანამდე გეტყვით, რომ „ვიტ ჯორჯიას“ ჰყავს რამდენიმე ისეთი ახალგაზრდა, რომლებმაც 17 თუ 19-წლამდელთა ნაკრებები გამოიარეს და ასე თუ ისე, დღესაც ითვლებიან კანდიდატებად…

– რეგიონული ლიგიდან „ვიტ ჯორჯიაში“… გადართვა იოლი არ იქნებოდა. ჯერ თქვენს განვლილ გზაზე მოგვიყევით.

– მცველად ვთამაშობდი სხვადასხვა გუნდებში, ძირითადად დაბალ ლიგებში. შევატყვე, რომ სერიოზულ დონეზე ვერ გავიდოდი და მწვრთნელობა დავიწყე. მაშინ 23 წლის ვიყავი. პირველად ვარკეთილის „ფორვარდში“ ვმუშაობდი და იქიდან „დინამოს აკადემიაში“ მოვხვდი, მერე სოხუმის „ცხუმში“ ნუგზარ ბოჯგუასთან და ირაკლი ვასაძესთან ერთად. შემდეგი ეტაპი თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემია, ასაკობრივი გუნდები… წელიწადნახევრის წინ „რუსთავში“ ვიყავი სულიკო დავითაშვილის ასისტენტად. ასევე რეგიონული ლიგის „თბილისში“. და აი, შარშან ამ დროს „ვიტ ჯორჯიაში“ მოვედი. ყველას ვემადლიერები, ვინც გზა გამიკვალა და მენდო. მწვრთნელებიდან განსაკუთრებით დავითაშვილს აღვნიშნავდი, „დინამოშიც“, „ლოკოშიც“ და „რუსთავშიც“ გვერდში ვყავდი, ყველაფერში ჩამახედა. მიზნები მაქვს და ვცდილობ, უფრო და უფრო გავიზარდო როგორც მწვრთნელი. ეს ისეთი პროფესიაა, სადაც სისტემატურად უნდა ცდილობდე განვითარებას. იმდენი სიახლეა თანამედროვე სპეციფიკაში, ფეხი უნდა აუწყო. გადართვას რაც შეეხება, დიახ, რთული ჩემპიონატი იყო ლიგა 2-ში. ჩავარდნების გარეშე არ გამოდის და ჩვენც გვქონდა ასეთი, მაგრამ საბედნიეროდ, ურთიერთგაგება იყო. ვფიქრობ, განვლილმა ექვსმა თვემ დიდი გამოცდილება შემძინა მეც და იმ ფეხბურთელებსაც, რომლებისთვისაც ეს პირველი სეზონი იყო ამ ლიგაში.

– საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია. შემადგენლობაში ცვლილებებზე გვითხარით…

– ძირითადის სამი ფეხბურთელი წავიდა და კიდევ უფრო გაახალგაზრდავდა გუნდი. წავიდნენ კაპიტანი ზვიად სეხნიაშვილი, ლევან ბარაბაძე და თორნიკე მუზაშვილი. მოვიყვანეთ მცველები ავთო სირაძე და ბექა ჭოხონელიძე, კიდევ დუბლებიდან დავაწინაურეთ რამდენიმე.

No description available.– როგორც მოსამზადებელი თამაშებიდან ჩანს, ახალი კაპიტანი ნახევარმცველი ირაკლი ზარიძე იქნება…

– დიახ, ასეა.

– როგორი სტილის ფეხბურთი გიყვართ? როგორც მწვრთნელი, პრიორიტეტები…

– უფრო ხშირი ბურთის ფლობა, პირველ ნომრად თამაში. უბრალოდ, გააჩნია გუნდსაც და ჩემპიონატსაც. ამ სიტუაციაში და შემადგენლობიდან გამომდინარე, უფრო სისწრაფეებზე და კონტრშეტევებზე ვაკეთებთ აქცენტს. ვფიქრობ, მოძრაობაში და სწრაფ გადაწყვეტილებებში უნდა ვაჯობოთ გუნდების უმრავლესობას.

– შარშანდელი თამაშებიდან რომელს გამოარჩევდით?

– ხარისხობრივად, ბოლნისის „სიონთან“ შინ 1:2 წაგებულს. ვგულისხმობ ხარისხს. ეს ჩემი მეოთხე თამაში იყო და მეორე – ზაფხულის პანდემიის მერე. ასევე გამოვარჩევდი „გაგრასთან“ გორში და მარტვილის „მერანთან“ შინ ფრეებს.

– ელიგა 2-ზე გვითხარით, რა სპეციფიკაა, რა მოგწონთ, რა – არა?

– არ მინდა რადიკალური რამე ვთქვა, მაინც ახალი მწვრთნელი ვარ ამ ლიგაში. თუმცა მომწონს, რომ დაძაბული თამაშებია… რაც არ მომწონს, უფრო მოედნის საფარზე ვიტყოდი.  უკეთესის სურვილს ტოვებს.

– მიუხედავად იმისა, რომ გადასვლისთვის ვერ იბრძოდით, იგრძნობოდა, რომ „ვიტ ჯორჯიას“ მიმართ მეტოქეებს მაინც ჰქონდათ რიდი და სიფრთხილე? 

– დიახ, ნამდვილად არ მოვიტყუები. „სიონისგანაც“ და „გაგრასგანაც“, რომლებიც ჩვენთან ფავორიტები იყვნენ და მთავარ ლიგაშიც გადავიდნენ. ახლაც არის შენარჩუნებული ეს სიფრთხილე. სასიამოვნოა.

No description available.– ადრე, „ვიტ ჯორჯია“ ჩემპიონი რომ ხდებოდა, მეგობრული ატმოსფეროთი გამოირჩეოდა…

– ახლაც ასეა, იგრძნობა და რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელისთვის მისწრებაა. თავიდანვე რომ მოვედი, ჩანდა. მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის დისტანცია არსებობს და სხვაგვარად არც შეიძლება. ვცდილობთ, მეგობრობა დოზირებულად არსებობდეს. ფეხბურთელს თუ რამე აწუხებს. უნდა გვითხრას, ტკივილი გაგვიზიაროს… კლუბში ყველანი ერთნი ვართ, ხელმძღვანელობა და სტაფიც. მე უფრო სტაფთან მაქვს მუდმივი შეხება და ბუნებრივია, ერთი გუნდი რომ არ იყოს, მიზნის მიღწევა გაჭირდება. და კიდევ, მწვრთნელი ვერაფერს იზამს, თუ ფეხბურთელები გულით არ უდგანან გვერდში.

– მისაბაძი მწვრთნელი? და უცხოურ ფეხბურთში ვისი გულშემატკივარი ხართ?..

– ბავშვობაში იტალიური ფეხბურთი და „იუვენტუსი“ მიყვარდა. ალესანდრო დელ პიერო ყველაზე მეტად… ახლაც, მაგრამ უშუალოდ სამწვრთნელო კუთხიდან ჰანსი ფლიკი ძალიან მომწონს. მისი სტილი, ფეხბურთელებთან უშუალო მიდგომა.