აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში სენეგალის ნაკრები ეკვატორულ გვინეას ხვდება. ითამაშებს კვირას წინა მატჩში ნოკდაუნსა თუ ნოკაუტში ჩავარდნილი ლივერპულელი სადიო მანე თუ არა, დიდი სჯა-ბაასის საკითხად არის ქცეული.

შეგახსენებთ, რომ კაბო ვერდესთან მერვედფინალური შეხვედრის 53-ე წუთზე მანე მეტოქის მეკარე ვოზინიასთან პირისპირ შევიდა, ფეხბურთელები ერთმანეთს შეეჯახნენ და სენეგალელი ნოკდაუნში ჩავარდა. ამის მიუხედავად, თავდამსხმელმა თამაში განაგრძო და 63-ე წუთზე გოლიც გაიტანა, მაგრამ ზეიმის შემდეგ ცუდად გახდა და შვიდ წუთში შეცვალეს.

„დეილი მეილის“ მიმომხილველი, წარსულში „ჩელსის“, „სელტიკის“ და „ასტონ ვილას“ ფეხბურთელი კრის სატონი მანეს თავს მომხდარს ასე აღწერს:

„ის დიდ სისწრაფეზე შეეჯახა მეკარეს, წაქცევისგან თავი ვერ შეიკავა და სახით დაეზღერთა. ზურგზე რომ გადმობრუნდა, თავს ვერ წევდა.

საერთოდ, როდესაც ტვინის შერყევაზე თუნდაც ოდნავი ეჭვი ჩნდება ფეხბურთელს სასწრაფოდ ცვლიან. ამის ნაცვლად, მანეს უთხრეს, რომ არაფერი სჭირს და მოედანზე დააბრუნეს. გააგრძელე შვილო თამაშიო.

გავიდა წუთები, მან გოლი გაიტანა და ზეიმის დროს დაეცა. როგორც იქნა შეცვალეს. და აი, ამ ყველაფრის შემდეგ, სენეგალის ნაკრების, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის, ფიფას და ნებისმიერი გავლენის მქონე ორგანოს მხრიდან კვირას მანეს მოედანზე გაშვება არაადექვატური საქციელი იქნება.

თუ მანე ეკვატორულ გვინეასთან ითამაშებს, ეს იქნება პირდაპირი მტკიცებულება, რომ საფეხბურთო სამყარო შედეგს ადამიანზე წინ აყენებს. გამოჩნდება რეალობა, თუ როგორ ეპყრობა საფეხბურთო სამყარო ტვინის დაზიანებებს“.

„დეილი მეილი“ წერს, რომ „ლივერპულის“ სამედიცინო პერსონალი სენეგალის ნაკრების ექიმებთან მუდმივ კავშირშია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მანემ კვირას უნდა ითამაშოს.