„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალი მწვრთნელის ძიებაზე ხელი აიღოო, წერენ ინგლისში. კლუბის ხელმძღვანელები რალფ რანგნიკით კმაყოფილები ყოფილან.
გერმანელმა სპეციალისტმა პრემიერლიგის რვა შეხვედრიდან ხუთი მოიგო, წააგო მხოლოდ ერთი და ფეხბურთის ასოციაციის თასზეც გუნდი მეოთხე რაუნდში გაიყვანა, სადაც მომავალ კვირაში „მიდლსბროს“ უნდა შეხვდეს.
მაშ, რა პრეტენზია აქვს გულშემატკივარს? საყვედური უპირველეს ყოვლისა თამაშის ხარისხს და სანახაობრივ მხარეს ეხება, მაგრამ „იუნაიტედის“ ბოსებმა შეამჩნიეს, რომ ადრინდელთან შედარებით გუნდი სტაბილური გახდა.
ბოსებს აინტერესებთ, რას მიაღწევს დროებითი მწვრთნელი დღეიდან სეზონის დასრულებამდე. გაუფორმებენ მას პერმანენტულ კონტრაქტს თუ არა, დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, დაიკავებს თუ არა „იუნაიტედი“ ადგილს პირველ ოთხეულში. ოთხეულში მოხვედრა ხომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშს ნიშნავს.
ბოლოხანს იმასაც ამბობენ, რომ რანგნიკმა მანჩესტერელთა ჯგუფებად დაქსაქსული ბანაკის გაერთიანება დაიწყო. განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, თუ როგორ დაამშვიდა გერმანელმა „ბრენტფორდთან“ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ, როდესაც პორტუგალიელი შეცვალა, რამაც ის აღაშფოთა.
საინტერესო იყო რანგნიკის ცვლილებები „ვესტ ჰემთან“ მატჩის დროს. მის მიერ მოედანზე მეორე ტაიმში შეყვანილმა სამმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა ბოლო წამს გატანილ გამარჯვების გოლში, რომელიც მარკუს რეშფორდმა შეაგდო.
ამ მოგების წყალობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვესტ ჰემი“ მეოთხე ადგილიდან მეხუთეზე ჩამოაგდო და ეს პოზიცია თავად დაიკავა.
„იუნაიტედმა“ დაცვაც გამოასწორა — ათი მატჩიდან ოთხში გოლი არ გაუშვა. შეგვიძლია სხვანაირადაც დავთვალოთ: ექვსიდან ხუთ შეხვედრაში მეტოქემ მარტო ერთხელ გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ რანგნიკი „იუნაიტედში“ დროებით მწვრთნელად არის მიწვეული, სეზონის შემდეგ კი წესით კონსულტანტის პოზიციაზე უნდა გადავიდეს.
რანგნიკის შემცვლელებად განიხილავდნენ „პარი სენ ჟერმენის“ თავკაც მაურისიო პოჩეტინოს, „აიაქსის“ ერიკ ტენ ჰაგს და „ლესტერის“ ბრენდენ როჯერსს, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, გაჩნდა დიდი შანსი, რომ თანამდებობაზე პრემიერლიგაში კარგად ცნობილი მწვრთნელების, იურგენ კლოპისა და თომას ტუხელის მენტორი დარჩეს.
თავად რანგნიკი ასე ამბობს: „თუ ყველაფერი კარგად წავა და მერე მე რჩევას მკითხავენ, ალბათ იმავე პასუხს გავცემ, რაც რამდენიმე წლის წინ „ლაიპციგის“ ხელმძღვანელობას გავეცი — გააგრძელეთ ჩემთან თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით“.