მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ჟურნალისტებს გაანდო, რომ ახლო მომავალში გუნდიდან წასვლას არ გამორიცხავს.

„ყველაფერი იწყება და მთავრდება. ერთხელ მეც მომიწევს წასვლა. ვიმედოვნებ, ყველაფერი სამართლიანად მოხდება და გადაწყვეტილება სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის.

ვიცი, რომ გამარჯვებებია საჭირო. თუმცა ჩემი ხედვა მაქვს და ისეთ ფეხბურთელებს ვირჩევ, ხანგრძლივ პერსპექტივაში კლუბისთვის სარგებლობის მოტანა და ამოცანების შესრულება რომ შეუძლიათ.“ — ამბობს სიმეონე.

კლუბთან 51 წლის არგენტინელი სპეციალისტის ხელშეკრულებას ყავლი 2024 წლის ივნისში გასდის. ის მადრიდში 2011 წლიდან მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში „ატლეტიკო“ მრისხანე ძალად გადაიქცა. ორჯერ ქვეყნის ჩემპიონობა მოაგებინა (2013-14, 2020-21), ორჯერ ევროპა ლიგა (2011-12, 2017-18), უეფას სუპერთასი (2012, 2018) და ორჯერაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა (2013-14, 2015-16).

მიმდინარე სეზონში გუნდს მთლად კარგად ვერ მისდის საქმეები. თუმცა სასტარტო ჩავარდნის შემდეგ ლა ლიგაში მაინც მეოთხე ადგილზე დგას. აი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან კი ვერ გავიდა.