6 თებერვალს, 15 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში, „მიხეილ მესხზე“ პორტუგალიას უმასპინძლებს, 12-ში კი, ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა. ეს იქნება ბორჯღალოსანთა სასტარტო მატჩები „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატისა, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის მეორე ნაწილიცაა.
ჰოდა, ლევან მაისაშვილმაც გადაწყვიტა, გუნდის გაფართოებული რაზმი სწორედ ამ ორ მატჩზე გათვლით შეედგინა.
გუნდში 5 დებიუტანტია, მათ შორის 18 წლის ცენტრი თორნიკე კახოიძე. ზოგადად, შემადგენლობას ოპტიმალურს ვერანაირად უწოდებდა კაცი – სხვადასხვა მიზეზთა გამო 32 კაცში არ არიან ჯაბა ბრეგვაძე, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ჯავახია, ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე და კიდევ რამდენიმე გამოცდილი ბორჯღალოსანი, თუმცა სამწვრთნელო შტაბში მიაჩნიათ, რომ ამ პირობებში ახალბედების გამოცდა საუკეთესო გამოსავალია.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გაფართოებული რაზმი „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატის საწყისი ორი მატჩისთვის:
ბურჯები (1, 3): გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ნიკა აბულაძე (შავი ლომი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), ლუკა აზარიაშვილი (ბიარიცი).
კვაჭები (2): შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა), ვანო კარკაძე (ბრივი).
მეორე ხაზი (4-5): ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი), კოტე მიქაუტაძე (ბაიონი).
მესამე ხაზი (6-8): გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ოთარ გიორგაძე (ბრივი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი).
ღერძი (9-10): ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი), თედო აბჟანდაძე (ბრივი), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი).
შუამარბები (12-13): მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (ლელო).
გარემარბები (11, 14): აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით მესხი (ენისეი-სტმ)
ფულბექები (15): ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი).