ჩვენი ბადრი კეთილაძე უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. როგორი ფოტოგრაფი იყო ბადრი, მისი გადაღებული კადრების ნახვა უმალ მიგახვედრებთ, აქ კი გვინდა უცხო თვალისთვის უჩინარი ბადრი კეთილაძე გავიხსენოთ და თქვენც გაგაცნოთ. ბადრი, ისეთი, როგორიც იყო…
…„მერანის“ სტადიონიდან ბიჭები ჩემი 06-ით „სარბიელის“ რედაქციაში ვბრუნდებოდით. გვეჩქარებოდა. ავლაბრის მეტროსთან კი საშინელი საცობი იყო. გახვითქული პატრული ცდილობდა ამ ჯოჯოხეთისთვის რამე მოეხერხებინა. ცნობილი წესია: როდესაც მოძრაობას პატრული არეგულირებს, შუქნიშანი ოფსაიდშია, მე კი გავითიშე და მწვანე რომ აინთო მანქანა დავძარი. გაგიჟდა პატრული, გაცეცხლდა, გადაირია. გადმოვედი, ვიფიქრე იქნებ დავაწყნარო-მეთქი. ბოდიშს ვუხდი, ის კი ყვირის:
— ხომ იცი, რომ უპირატესობა შუქნიშანს კი არა, პატრულის თანამშრომელს აქვს. ისედაც საგიჟეთია. ასლარიანი ჯარიმა გეკუთვნის. ახლავე დაგაჯარიმებ.
ამ გაწამაწიაში, ვხედავ მანქანიდან ჩემს დასახმარებლად ბადრი გადმოდის. პატრულთან „ბრძოლაში“ მარტოს არ მტოვებს. მხარში უნდა დამიდგეს. პატრული კი ყვირილს აგრძელებს:
— თქვენ ვინ ხართ, იცი? თქვენ რომ კაცმა ნება მოგცეთ, ყველანი ერთმანეთს გადაუვლით. კანონი თქვენ არ გინდათ და წესრიგი.
— შემეშალა. ეს ერთი მაპატიე, — ვეუბნები.
და ამ დროს, ბედად, ჩვენი ნაკადის გაშვების დრო მოვიდა. ვინ იცის, პატრულს ძალიანაც უნდოდა ჩემი დასჯა, მაგრამ მიხვდა, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მოძრაობის გახსნა იყო. გამომხედა სახეალეწილმა და უცებ:
— ვის არ უნდა კანონი და წესრიგი?! მე არ მინდა კანონი და წესრიგი? მე? მე ვარ ბიჯო მორჩილი!
ბადრი იყო. კანონმორჩილი უნდოდა ეთქვა, მაგრამ აღელვებულმა სიტყვა ვერ მოძებნა.
ახლა კი მართლა შეიძლებოდა გაგიჟებულიყო პატრული.
— ე ბიჭო, ბადრია! მორჩილი არა, დიაკვანი. ჩაჯექი ჩქარა მანქანაში სანამ მთლად არ დავუჭერივართ, — დავუძახე და სასწრაფოდ საჭეს მივუჯექი.
ნაკადი დაიძრა.
„მე მინდა, ვინმეს გადავუარო? მე არ ვარ წესიერი მოქალაქე?“ — კიდევ კარგა ხანს ბუზღუნებდა ბადრი, ჩემი საიმედო მეგობარი, უპატიოსნესი ადამიანი და ბრწყინვალე ფოტოხელოვანი.
ვამაყობ, ამ დიდებულ კაცს რომ ვიცნობდი.
ნათელი დაგადგეს, ძმობილო.

ბადრი კეთილაძის ფოტო
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
