ჩვენი ბადრი კეთილაძე უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. როგორი ფოტოგრაფი იყო ბადრი, მისი გადაღებული კადრების ნახვა უმალ მიგახვედრებთ, აქ კი გვინდა უცხო თვალისთვის უჩინარი ბადრი კეთილაძე გავიხსენოთ და თქვენც გაგაცნოთ. ბადრი, ისეთი, როგორიც იყო…
სომხეთი – საქართველოს მატჩზე მივდივართ, ერევანში. ვხალისობთ, ჩვეული იუმორით ძველ ამბებს მიყვება. ქალაქს რომ მივიახლოვდით მოიწყინა, წამოაწითლა…
– კობაია, ბუჯო, რაცხა ვერ ვარ…
დავიღალეთ ბადრი, 300 კილომეტრი გამოვიარეთ, ალბათ წნევა დაგივარდა, (ვიპროფესორე) მივიდეთ სასტუმროში, ყავა დავლიოთ, დავისვენოთ და გამოკეთდები, – ვპასუხობ, თუმც ვატყობ ჩემი სიტყვები ყურიდან ყურში გაატარა.
უკვე ერევანში ვართ. სასტუმრო 200 მეტრის სავალზეა. ჩანთა გამოვართვი, მაგრამ მეორეს არ მითმობს, ამას არ განდობო… რამდენიმე თვით ადრე შტატივი მომაბარა, ხელიდან გამივარდა და გატყდა. ფოტოაპარატს კი თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა და აბა, როგორ მანდობდა?!
სასტუმროს ნომერში ყავას მივირთმევთ. ბოლომდე აღარ დალია, ფინჯანი გადადო და თვალები მინაბა. ვიფიქრე ჩაეძინა, თუმც უცებ გადმომხედა და მიკნავლებული ხმით, მომკალი ხომ ?.. თავი გადაკიდა და დიდი შიში მაჭამა.
აბა, მერე იყო ამბავი, თუ იყო… სასწრაფო დახმარება, ექიმები, წნევის დამწევი წამლები… თურმე, ნუ იტყვით, ისეც მაღალი წნევა ჰქონია, ყავის შემდეგ კი მთლად 200-მდე აუვარდა.
ერთ საათში, „რაზდანზე“, საქართველოს ნაკრების ვარჯიში იწყება. ბევრი ხვეწნა – მუდარის მიუხედავად ვერ გადავაფიქრებინე, ხალხს როგორ დავაღალატებ, რედაქციაში ფოტოებს ელიანო. საქმის კაცი იყო ჩვენი ბადრია, უღალატო, პროფესიონალი…
ვარჯიშზე ისევ შეუძლოდ გახდა. უფრო შეუძლოდ, ვიდრე იყო. მომეცი ჩანთა და აპარატი და აგერ, ჩამოჯექი, – სათადარიგოთა სკამისკენ მივანიშნე.
– რაი? ამ აპარატს რავა განდობ…
და გადაღება იქამდე განაგრძო, ვიდრე არ წაბარბაცდა. მერე კი რის ვაი-ვაგლახით დათმო თავისი ავლადიდება.
„რაზდანის“ საექიმო კაბინეტში წამლობდენ, როცა უნებურად ვკითხე:
– ბადრია, ჩანთას რა ვუყო?
ცალი თვალით გამომხედა, მკრედზე ხელები დაიკრიფა და როგორც ნაღდმა ქუთაისელმა, ენამოსწრებულად მიპასუხა:
– გულზე დამადე…
მშვიდად იძინე, ჩემო მაგარო ძმაო !!!

ბადრი კეთილაძის ფოტო





