ახლა პრემიერლიგა დაისვენებს. შემდეგი ტური 8 თებერვალსაა. ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ მაინცდამაინც სანერვიულოდ არ აქვს საქმე — მდევარ „ლივერპულს“ 9 ქულით უსწრებს. თავის მხრივ „ლივერპულიც“ კმაყოფილია: გუშინ, „კრისტალ პალასთან“  3:1 გაიმარჯვა, პლუს შეხვედრა აქვს მარაგში. „ლივერპულს“ 1 ქულით ჩამორჩება „ჩელსი“, რომელმაც წუხელ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ 2:0 მოგებით პოზიცია გაიმყარა, თუმცა მერსისაიდელებზე ორი, ხოლო „სიტიზე“ ერთი თამაშით მეტი აქვს ნათამაშები. მეოთხეზე კი არის „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც „ჩელსის“ 9 ქულით ჩამორჩება და კუდში მთელი ამალა მისდევს.

როგორც ვთქვით, „კრისტალ პალასთან“ მოგებით იურგენ კლოპის გუნდმა „სიტისთან“ ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ „წითლებს“ გამარჯვება იოლად არ მოსვლიათ. 3:1 დაწერილი სხვანაირად აღიქმება, რეალურად კი… მერსისაიდელთა საუკეთესო მოთამაშე მათი მეკარე ალისონი იყო. ბრაზილიელმა გოლკიპერმა სამი უმნიშვნელოვანესი დარტყმა მოიგერია.

ანგარიში მძლავრი თავურით ვირჯილ ვან დაიკმა მე-8 წუთზე გახსნა. 32-ზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მასპინძელთა კარში მეორე შეაგდო. სხვაობა მეორე ტაიმის მე-10 წუთზე ოდსონ ედუარდმა შეამცირა, 89-ე წუთზე კი ფაბინიომ პენალტით დასვა წერტილი, მაგრამ იყო ეს პენალტი დასანიშნი თუ არა, საკითხავი ეს არის.

VAR-მა გადაწყვიტა, რომ „პალასის“ ესპანელმა მეკარემ ვისენტე გუაიტამ დიოგო ჟოტას წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია.