გასული უქმეები ქართველი მორაგბეებისთვის წარმატებული უფრო გუნდური თვალსაზრისით იყო, ვიდრე მათი ინდივიდუალური მიღწევების მხრივ.
ევროპის ჩემპიონთა თასზე მხოლოდ ორმა ჩვენებურმა ითამაშა. ჯერ იყო და, გურამ პაპიძის „ლა როშელმა“ შოტლანდიაში მრისხანე „გლაზგო უორიორზს“ 38:30 ერთობ სენსაციურად მოუგო და ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი ქართველმა ბურჯმაც შეიტანა. პაპიძე შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა და თავის გუნდს დიდი უპირატესობის შენარჩუნებაში დაეხმარა. თამაშში ქართველის ჩართვისას ფრანგები 35:16 იგებდნენ, მაგრამ ერთი მეორის მიყოლებით ორი მოთამაშე დაკარგეს სინბინების გამო და დარჩენილი დრო მთლიანად დაცვაში გაატარეს. ამ თავის 22 წუთში 24 წლის ქართველმა ერთადერთხელ შეუტია და ისიც ორიოდე მეტრი გაიარა ბურთიანად, თუმცა 7 წარმატებული ბოჭვის გაკეთება კი მოასწრო.
ასევე გაიმარჯვა გელა აფრასიძის „მონპელიემაც“, რომელმაც ჩემპიონთა თასის წინა ტურში ირლანდიურ „ლენსტერთან“ 7:89 (!) წარმოუდგენელი შერცხვენის შემდეგ ფსიქოლოგიურად არ გატყდა და ამ ჯერზე არანაკლებ ძლიერ ინგლისურ „ექსეტერს“ სძლია – 37:26. ბორჯღალოსანი 9 ნომერი ფრანგული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე ადგილი სამხრეთაფრიკელ მსოფლიო ჩემპიონ კობუს რეინახს დაუთმო.
აფრასიძე გუნდის შერკინებას უნარიანად ათამაშებდა და თავადაც ტრადიციულად აგრესიული იყო. მოკლედ, სანაკრებო სეზონის წინ აფრასიძე ჩვეულ ფორმაში შედის. მის ანგარიშზე 18 ზუსტი გადაცემა, 6 წარმატებული ბოჭვა და ერთი თერნოვერია.
ჩელენჯ კაპზე კი ჩვენებურთა ერთა გუნდმა მოიგო, მეორემ კი – წააგო. ამ უკანასკნელით დავიწყებთ.
ტოპ 14-ის ყველაზე ქართულმა კლუბმა „ბრივმა“ ასევე შოტლანდიაში ითამაშა, მაგრამ „ლა როშელისგან“ განსხვავებით, მაგარ ფორმაში მყოფ მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა გაუწია. „ედინბურგმა“ ფრანგულ გუნდს კუდით ქვა ასროლინა, მთელი მატჩი დაცვაში გაატარებინა და 66:3 სასტიკად გაანადგურა. სამი მოქმედი ბორჯღალოსანი ბრიველთა სასტარტოში იყო, ერთი ყოფილი – შეცვლაზე შევიდა, მაგრამ თამაში არცერთ მათგანს წაუვიდა. ვანო კარკაძე ძირითადი კვაჭი იყო და 48 წუთი ითამაშა.
ოთარ გიორგაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, თედო აბჟანდაძემაც 80 წუთი გაატარა მინდორზე. სოსო ბეკოშვილს კი ტრავმირებული თანაგუნდელის შეცვლა უკვე 21-ე წუთზე მოუწია, 32-ეზე ის მარქაფაში დააბრუნეს, 54-ეზეკი სრულფასოვან შეცვლაზე, თამაშის ბოლომდე შეიყვანეს მოედანზე.
დაბოლოს, „გლოსტერმა“ „პერპინიანს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 68:19 დაამარცხა. ინგლისელთა შორის ბოლო 17 წუთი ბორჯღალოსანმა გიორგი კვესელაძემ ითამაშა, ვინც ამ დროში ბურთს ერთადერთხელ დაეუფლა, თუმცა ეგრევე პასი გასცა, რომელიც 2-დან ერთ-ერთი იყო. გარდა ამისა მის აქტივში ერთი ბოჭვაცაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ იმ წუთებში, რაც კვესელაძემ თამაშში დაჰყო, კატალონიელები შეტევაში არც წასულან და ბურთს მუდმივად ინგლისელები ფლობდნენ, რაც 3 ლელო-გარდასახვით დაუფასდათ.
ევროთასები აპრილში განახლდება, მანამდე კი ქართველი ლეგიონერები შიდა ჩემპიონატებში თითო ტურსაც ითამაშებენ, რის შემდეგაც „რაგბი ევროპის“ მორიგი ჩემპიონატიც დაიწყება. საქართველოს ნაკრები 6 თებერვალს, პირველ ტურში პორტუგალიელებს უმასპინძლებს.