კატალონიური გაზეთი „სპორტი“ წერს, ფრენკი დე იონგს 87-ე წუთზე გოლი რომ არ გაეტანა, ჩვენი მიმოხილვა ძალიან მოკლე გამოვიდოდაო. ჰოლანდიელმა „ესტადიო მენდისოროსაზე“ „ალავესის“ კარში ერთადერთი გოლი შეაგდო და „ბლაუგრანას“ სამი ქულა შემატა. ეს ქულები „ბარსასთვის“ მნიშვნელოვანი და დამამშვიდებელი გამოვიდა, რადგან სხვა მხრივ სატრაბახო ბევრი არაფერი ჰქონდა. ჩავის გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ შექმნა.
„სპორტი“ წერს, რომ პირველ ტაიმში კაცს შეიძლებოდა ჩასძინებოდა. ამიტომაც ელოდა გულშემატკივარი შესვენების შემდეგ ცვლილებებს, მაგრამ ყველას გასაოცრად ჩავიმ არავინ შეცვალა.
„ბარსელონას“ დაცვა და თავდასხმა თითქოს ადამიაანთა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დაჯგუფება იყო.
„ალავესს“ მე-10 წუთზე შეეძლო დაწინაურება, მაგრამ ჟოსელუმ თავით ვერ შეაგდო. გადაღმა კართან პიკემ ვერ მიაღწია მიზანს.
გოლი გავიდა კომბინაციით, რომელშიც ჯორდი ალბა, ფერან ტორესი და დე იონგი მონაწილეობდნენ.
ამ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ქულები დაკარგა „რეალმაც“. მადრიდელები შინ „ელჩესთან“ 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ 82-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა შეამცირა სხვაობა, ხოლო 90+2 წუთზე მილიტაომ ქულა გადაარჩინა.
22 ტურის შემდეგ 50 ქულით ისევ „რეალი“ ლიდერობს. მას მოსდევს 46 ქულიანი „სევილია“.
„ბარსელონა“ 21 შეხვედრიდან 35 ქულით მეხუთე ადგილზეა.