„მანჩესტერ სიტიმ“ ოქტომბრის შემდეგ პირველად დაკარგა ქულები. კონკურენტებს ცხადია იმედი გაუღვივდათ.

„საუთჰემპტონმა“ მე-7 წუთზე გახსნა ანგარიში — კაილ უოკერ-პიტერსმა ეფექტური გოლი შეაგდო. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა 65-ე წუთზე გაათანაბრეს: აიმერიკ ლაპორტემ კევინ დე ბრუინის მიერ ჯარიმიდან ჩაკიდებული ბურთი თავურით შეაგდო კარში.

საინტერესოა, რომ პირველ წრეში „საუთჰემპტონმა“ „სიტის“ „ეტიჰედზე“ ორი ქულა დააკარგვინა – 0:0, ხოლო ორი სეზონის წინ შინ მოუგო.

თამაში რომ დაიწყო, მასპინძლები ბურთს ფაქტობრივად არ მიჰკარებიან, მაგრამ იმისთვის რომ დაწინაურდე ხშირად ბურთის ფლობა სულაც არ არის აუცილებელი.

შემდეგ რალფ ჰასენჰუტლის ბიჭებმა მეორე გოლიც შეაგდეს, მაგრამ არმანდო ბროხას შედეგიანი დარტყმა ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს.

მასპინძელთაგან თავი იან ბედნარეკმაც გამოიჩინა — ჯერ იმით, რომ „სიტის“ მიერ 100 მილიონ გირვანქად ნაყიდი ჯეკ გრილიში კინაღამ დაამტვრია, მეორე ტაიმის დასაწყისში კი იმით, რომ ცოტა დააკლდა, ჯეიმს უორდ-პროუსის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კარში შეაგდო. სტუმრებს გაუმართლათ — ედერსონს სწორად ჰქონდა ადგილი შერჩეული.

სხვათა შორის, თამაშის წინა პრეს-კონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ უორდ-პროუსი მსოფლიოში საუკეთესო კუთხურის ჩამწოდებლად დაასახელა და მართლაც, ერთი ხნის შემდეგ მის მიერ ჩაწოდებული მორიგი კუთხურიდან ბროხამ ძელს გაარტყა ბურთი.

„მანჩესტერ სიტის“ კი თითქოს შეტევაში ფანტაზია აკლდა. და მაინც, მაღალი კლასის გუნდს გოლის გატანა არსაიდანაც შეუძლია, რაც გვარდიოლას შეგირდებმა გააკეთეს კიდეც.

საბოლოოდ, „საუთჰემპტონმა“ ლიდერს დამსახურებულად დაატოვებინა ქულები, თუმცა სიტი მაინც დამაჯერებლად ლიდერობს — „ლივერპულს“ 11 ქულით უსწრებს, ოღონდ ვნახოთ, რას იზამენ მერსისაიდელები დღეს, სტუმრად „კრისტალ პალასთან“.