ზოგადად, ესპანური ლა ლიგის საშუალო გუნდი „ვალენსია“ იმიტომ გვაინტერესებს, რომ იქ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, თუმცა „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში ის სათადარიგოთა სკამზეც არ დასვეს და ბუნებრივია „ღამურებისადმი“ ქართველი გულშემატკივრის ინტერესმა დაიკლო.

მთავარი მეკარის, იასპერ სილესენის არყოფნაში ხოსე ბორდალასმა კარი ისევ ხაუმე დომენეკს ანდო, თადარიგში კი კრისტიან რივერო ჰყავდა. ქვემოთ გთავაზობთ შეხვედრის ვიდეომიმოხილვას. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ როგორ ითამაშა დომენეკმა. „ვალენსიას“ მეკარის თემაზე ჩვენ მხოლოდ ესპანური გაზეთის AS-ის შეფასებას შემოგთავაზებთ:

„ხაუმე პირველ ტაიმში არაფრით გამოირჩეოდა, მეორეში კი უარყოფითი გმირი იყო. მან „ატლეტიკოს“ პირველ და მეორე გოლებს ვერაფერი მოუხერხა. პირველ ეპიზოდში უძრავად იდგა, მეორეში კი სუარესს ვერ აუღო და კორეას ბურთის კარში შეგდების შესაძლებლობა მისცა“.

თუმცა „ატლეტიკოსა“ და „ვალენსიას“ შეხვედრის მთავარი ინტრიგა სხვა გახლდათ: პირველ ტაიმში „ვალენსია“ 2:0-ს იგებდა, მეორეში კი სამი გოლი გაუშვა და წააგო.

ამ გამარჯვების წყალობით „ატლეტიკომ“ ოთხეულში დამკვიდრების და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შანსი გაზარდა.

ანგარიში 25-ე წუთზე ამერიკელმა იუნუს მუსამ გახსნა, 44-ზე უგო დურომ მასპინძელთა კარში მეორე გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ, 64-ე წუთზე სხვაობა ბრაზილიელმა მატეუს კუნიამ შეამცირა. 90+1 წუთზე არგენტინელმა ანხელ კორეამ გაქვითა, 90+3 წუთზე კი მარიო ერმოსომ „მატრასების მკერავთა“ გამარჯვების გოლი შეაგდო.

მატჩის შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ თქვა: „შესვენებისას ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თუ ვაგებდით, ღირსეულად უნდა წაგვეგო. გუნდი მოედანზე დაბრუნდა და თავი დადო. არის თამაშები, რომლებიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება. ეს მატჩი ასეთი იყო“.