საქართველოს ფუტსალის ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი ნიდერლანდებში 19 იანვარს მიემგზავრება, ხოლო საქმეში 22 იანვარს ჩაერთვება.
ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე აზერბაიჯანია, 26 იანვარს ჩვენები ბოსნიას შეხვდებიან, ხოლო 29-ში ჯგუფურ ეტაპს ესპანეთთან მატჩით დაასრულებენ. საქართველო ქალაქ გრონინგენში ითამაშებს.
ურთულესი ჯგუფია. უმთავრესი ფავორიტი ესპანეთია, შემდეგ ჩვენები, აზერბაიჯანელები და ბოსნიელები…
საქართველო-აზერბაიჯანის მატჩს სპეციალისტები თანაბრად აფასებენ. საქართველოს ნაკრები რომ საინტერესო გუნდი იქნება, ამას უეფას ვებ-გვერდიც წერს, სადაც ჩვენების მეტოქეებს ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებენ.
„4 წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი დებიუტანტი საფრანგეთი იყო, რომელიც ჯგუფში ესპანეთთსა და აზერბაიჯანს ჩამორჩა. „ლე ბლო“ ამჯერად აღარ არის ფინალურ ეტაპზე, რადგან საქართველოსთან დამარცხდა. გუნდთან, რომელიც, შესაძლოა, იყოს ის დებიუტანტი, რომელიც ამ ევროპირველობაზე ყურადღებას მიიქცევს. ალბათ დამთხვევაა, რომ საქართველო ჯგუფში სწორედ ესპანეთთან და აზერბაიჯანთან ერთად მოხვდა. საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, მათგან გამოსარჩევი გამოცდილი მეკარე ზვიად კუპატაძე და ელისანდროა. ასევე – რონინიო, თალესი, არჩილ სებისკვერაძე და ვილიანი“, – წერია უეფას ვებგვერდზე.
ევროპირველობაზე წასვლამდე კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გააკეთა.
„ძალიან დიდი ხანია ამ სპორტში ვარ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩემი ნატვრა იყო. ეს მომენტი რომ ახლოვდება, პულსაცია იმატებს. სასწაული გრძნობაა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ქვეყანას კონტინენტის ყველაზე მაგარ ტურნირზე წარმოადგენ. ესპანეთზე საუბარი და დროის დაკარგვა არც ღირს… ბოსნია საკვალიფიკაციო ეტაპის მთავარი აღმოჩენა იყო. ურთულეს ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი. ფუტსალში მსგავსი რამ შემთხვევით არ ხდება. აზერბაიჯანის ნაკრები უმაღლეს დონეზეა ინდივიდუალური თამაშით და ძალიან მაღალი დონის ბრაზილიელი ფეხბურთელები ჰყავს. რთული ჯგუფია, მაგრამ არც გვქონია ილუზია, რომ ევროპის ჩემპიონატზე იოლი მეტოქეები გვეყოლებოდა. არასერიოზული დაპირების მიცემა არ მიყვარს. ერთია, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამბობს ასათიანი.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
მეკარეები ზვიად კუპატაძე (იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი);
წინა ხაზი შაგინია (მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (იუგრა, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი), ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე (ყველა თელასი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ).