„ევერტონში“ რობერტო მარტინესის დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. მოგეხსენებათ, ვაკანსია მას მერე გაჩნდა, რაც ლივერპულელი „ირისების“ თავკაცის თანამდებობიდან კლუბის მეპატრონემ ფაჰრად მოშირიმ რაფა ბენიტესი გაათავისუფლა. ესპანელი მოშირის მიერ გაშვებული მეექვსე მწვრთნელი შეიქნა.

ბენიტესი მოშირიმ ფინჩ ფარმის საწვრთნელ ბაზაზე ხუთშაბათს მოინახულა. რაფამ თქვა, პოზიტიური ლანჩი გვქონდაო, მაგრამ შაბათს „ირისებმა“ „ნორვიჩთან“ 1:2 წააგეს და… პოზიტიური ლანჩი ნეგატიური გაგდებით შეიცვალა.

ახლა „ევერტონი“ 19 თამაშიდან 19 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 6 ქულით აღემატება. ერთი სიტყვით, გუნდის ამოცანა პრემიერლიგაში დარჩენაა და მარტინესის დაბრუნებაც სწორედ ამიტომ არის საჭირო.

რობერტო მარტინესი მოგეხსენებათ ბელგიის ნაკრებს უდგას სათავეში და კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად დაახლოებით 2 მილიონი გირვანქა უწერია. ესპანელის ხელშეკრულებას ბელგიის ფეხბურთის ფედერაციასთან 2022 წლის ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ეწურება ვადა.

მარტინესისთვის „გუდისონ პარკზე“ დაბრუნება დრამატული ნაბიჯი იქნება, რადგან სწორედ ის იყო პირველი იმ ხუთი მწვრთნელიდან, რომელიც მოშირიმ 2016 წლის შემდეგ მოიშორა. „დეილი მეილი“ წერს, რომ მარტინესის დაბრუნება დიდად არც ფანებს გაუხარდებათ.

თავიდან ითქვა, რომ მარტინესს „ევერტონი“ დროებითი მწვრთნელის სტატუსით მოიწვევს. ბელგიის ნაკრებს ამ გაზაფხულზე მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი — ამხანაგური სლოვენიის ეროვნულ გუნდთან — რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელი სპეციალისტი დიდად დაკავებული არ არის. სხვა საქმეა, რამდენად ენდომება ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას მისი გაშვება.

მარტინესის გარდა „ევერტონის“ მწვრთნელობის კანდიდატებად განიხილებიან უეინ რუნი და ნიკო კოვაჩი.