ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ყველა კლუბი, რომელსაც ნორვეგიელის ყიდვა უნდა აქტიურად უკავშირდება მინო რაიოლას სააგენტოს. ამ კლუბთა შორის ერთ-ერთი „რეალიცაა“.
კატალონიური გაზეთი „სპორტი“ წერს, რომ მართალია ფლორენტინო პერესს კილიან მბაპეს კონტრაქტი ჯიბეში უდევს, ჰოლანდისთვის მაინც იბრძვის. პერესმა რასაკვირველია კარგად იცის, რომ თავად ჰოლანდს უჯობს ისეთ კლუბში გადავიდეს, სადაც გამორჩეული ფიგურა იქნება და ამის მიუხედავად ორომტრიალში მონაწილეობს.
„სპორტი“ ამბობს, რომ პერესის მიზანი ნათელია. ამ ეტაპზე „რეალის“ კიდევ უფრო გაძლიერება მისი მთავარი მიზანი არ არის. მადრიდული კლუბის პრეზიდენტს უბრალოდ სურს, რომ ჰოლანდი „ბარსელონაში“ არ გადავიდეს. „რეალის“ ბოსს უჯობს ნორვეგიელმა „პარი სენ ჟერმენში“ ითამაშოს, ვიდრე ლა კონკურენტ „ბარსელონაში“.
ჯერჯერობით სურათი ასეთია: მბაპეს „რეალი“ ისედაც ყიდულობს, ჰოლანდის შეძენა კი სანამ ქარიმ ბენზემა კარგ ფორმაშია, არ სჭირდება.
ჰოლანდის მსურველთა რიგი კი დიდია: „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ლივერპული“ და თუ პსჟ მბაპეს მადრიდში გაუშვებს, მაშინ პარიზელთა გუნდიც.
„სპორტი“ ამტკიცებს, რომ „რეალის“ ინტერესი ბლეფი არ არის. პერესს მართლა ჰგონია, რომ კონკურენტებს ვაჭრობას მოუგებს და ნორვეგიელს გადაიბირებს. თუმცა, რომც ვერ იყიდოს გულუხვი შეთავაზებით თავდამსხმელს მაზანდას აუწევს ანუ ჰოლანდი ისე გაძვირდება, რომ „ბარსა“ ვერ შეწვდება, პრემიერლიგის კლუბები კი ჯიბეზე ხელის გაკვრას შეძლებენ.