როდესაც ფილიპე კოუტინიუ „ლივერპულში“ ჯადოქრობდა, იურგენ კლოპი დღეს არ აცდენდა მასზე აღმატებით ხარისხში რომ არ ელაპარაკა. შემდეგ ბრაზილიელმა ინგლისი დატოვა და „ბარსელონაში“ გადაბარგდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა. გამოსავლის ძიებაში კატალონიელებმა ის ერთი წლით „ბაიერნში“ გაუშვეს იჯარით, შემდეგ ისევ დაიბრუნეს, მაგრამ ვაგლახ. და აი, მორიგი იჯარა — კოუტინიუ „ასტონ ვილაში“ გადაბარგდა და მას კვლავ მოუხდა ბრიტანული ჰავა. „ვილასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრაში ბრაზილიელი 13 წუთით შევიდა მოედანზე და… თამაში, რომელსაც „იუნაიტედი“ ბრუნო ფერნანდეშის გოლებით 2:0-ს იგებდა, 2:2 დასრულდა. კოუტინიუმ პირველ ეპიზოდში ჯეკობ რემზის მიაწოდა საგოლე პასი, მეორე კი თავად გაიტანა.
არადა, რალფ რანგნიკის გუნდი, რომელიც ტრავმირებული კრიშტიანუ რონალდუს გარეშე თამაშობდა, თითქოს ყველაფერს აკონტროლებდა, სამ ქულამდე აღარაფერი აკლდა. და სწორედ ამ დროს მოუტრიალდა სტივენ ჯერარდი სკამზე ჩამომჯდარ ბრაზილიელს — მოედანზე შეუშვა. ბირმინგემში ამ თამაშის გადარჩენისა აღარავის სწამდა, მაგრამ… როდესაც კოუტინიუ ინგლისშია, სასწაულები ხდება.
სადღეისოდ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 20 თამაში აქვს ჩატარებული და 32 ქულით მისთვის შეუფერებელ მე-7 ადგილზეა.
20 თამაში აქვს ჩატარებული „ასტონ ვილასაც“, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა და მე-13 პოზიცია უჭირავს.