რალფ რანგნიკმა კრიშტიანუ რონალდუს მხარი დაუჭირა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა თქვა, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სწორად მოიქცა, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს შემოუძახა.

„ასტონ ვილასთან“ შეხვედრის წინ, გერმანელმა თქვა: „ვეტერანები და ახალგაზრდები ერთსულოვნები უნდა იყვნენ. ჩვენ ბევრი უმაღლესი დონის, ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს და კრიშტიანუ ცამდე მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ ყველანი ერთად უნდა განვვითარდეთ.

თუ გუნდში შექმნილი სიტუაცია ბიჭებთან ჯიქურ ლაპარაკს მოითხოვს, არ უნდა მოვერიდოთ. გასახდელში სიმართლის პირდაპირ თქმა ყოველთვის სასარგებლოა. თუ კრიშტიანუ ან რომელიმე სხვა ვეტერანი ამას უშუალოდ მოედანზე ან სასტუმროში გააკეთებენ, მე მხოლოდ მივესალმები.

ერთსულოვან გუნდებში პირდაპირი საუბრები ბუნებრივად, ავტომატურად მიმდინარეობს. მე ვისურვებდი, ჩვენთან ფეხბურთელები — განსაკუთრებით კი ვეტერანები — რეგულარულად იქცეოდნენ ასე“.

„სანი“ წერს, რომ რონალდუს მიერ დამუნათებული ახალგაზრდები შეიძლება შეშინდნენ, რაც შეიძლება უარესი იყოს. ახლა ისინი დაჭყეტილი თვალებით ითამაშებენ შეცდომა რომ არ მოუვიდეთ ან პორტუგალიელს პასი არ დაუგვიანონ.

რანგნიკმა თქვა: „ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები და გამოცდილი ვეტერანები გვყავს. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ბურთით თამაშზე ვლაპარაკობთ, რომელიც ითხოვს, რომ გუნდში ყველას საერთო მიზანი უნდა ჰქონდეს“.

36 წლის კრიშტიანუ რონალდუმ რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდობას ასე მიმართა: „ჩვენ, ასაკოვან ფეხბურთელებს ყოველთვის შეგვიძლია უმცროსებს დახმარების ხელი გავუწოდოთ. მე შემიძლია მათ მაგალითი ვაჩვენო, მაგრამ მათ ჩემი მაგალითი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად უნდა აქციონ, თორემ ისე არაფერი გამოვა. მე შემიძლია რომელიმე მათგანს მთელი დღე ველაპარაკო, მაგრამ მან თუ არ დამიჯერა, ამ ლაპარაკს შედეგი არ ექნება.

მახსოვს, 18,19,20 წლის რომ ვიყავი, უფროსი ფეხბურთელები ჭკუას მარიგებდნენ. მე მათი სიტყვების მოსმენის მერე საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ უნდა დავიხვეწო. ისინი ხომ ჩემზე გამოცდილები იყვნენ. მათ ცხოვრებაში ბევრი ცუდი მომენტი ჰქონდათ გავლილი და იცოდნენ როგორ უნდა დაძლიო სირთულე.

თუმცა, არის ხალხი რომელიც კრიტიკას ვერ ეგუება, არ ისმენს. მე ამას ჩვენი გუნდის ფეხბურთელებზე კი არ ვამბობ, არამედ ზოგადად ახლგაზრდებზე ვსაუბრობ. თავად მყავს შვილები.

ხანდახან, ცოტა მკაცრად თუ მოგივა, ისინი წინააღმდეგობის გაწევას იწყებენ, ამიტომ ლაპარაკისას მოზომვაა საჭირო.

ახალგაზრდა საკუთარი თავით უნდა ამაყობდეს და სარკეში რომ ჩაიხედავს, უნდა თქვას: დღეს რის გაკეთებაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე.

ჩვენ ყველა ასე უნდა მოვიქცეთ, უფროსიც და უმცროსიც. ახალი წელია, კარგი დროა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ფურცელი რომ გადავშალოთ. ჩვენ ბევრი ჯილდო გვაქვს მოსაგები. უნდა ვირწმუნოთ, რომ მათი მოგება შეგვიძლია. თუ ეს არ გავაკეთეთ, თავს ჯოჯოხეთში ამოვყოფთ“.