საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, „ბილბაომ“ ჩამორჩენა მოატრიალა და მადრიდის „ატლეტიკოს“ 2:1 მოუგო. ამრიგად, 16 იანვარს, ფინალში, ერთმანეთს „რეალი“ და „ბილბაო“ შეხვდებიან.

თამაშის მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში დატრიალდა. ბასკების გამარჯვების გოლი ნიკო უილიამსმა 81-ე წუთზე გაიტანა. მანამდე, ოთხი წუთით ადრე, იერაი ალვარესმა ანგარიში გაქვითა.

არადა, როგორც მოგახსენეთ, თავიდან „ატლეტიკო“ დაწინაურდა. გოლი ცოტა არ იყოს კურიოზული გამოდგა — ჟოაო ფელიქსის თავური ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ გაწოლილი მეკარის უნაი სიმონის ზურგს და ისე შევარდა ბადეში.

ვინ იცის, შეჯიბრების საუდელ სპონსორებსა და ორგანიზატორებს ფინალში მადრიდული დერბი ერჩივნათ, მაგრამ ბედმა სხვანაირად განსაჯა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალში „რეალმა“ „ბარსელონა“ დაამარცხა 3:2.