ავსტრალიის ხელისუფლებამ საერთოდ არ ცნო ნოვაკ ჯოკოვიჩის დიდი სპორტსმენობა და ტიტულები და ქვეყნის ვიზა ხელმეორედ გააუქმა. ამის უფლება მხოლოდ ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრ ალექს ჰოუკს ჰქონდა და ეს უფლება გამოიყენა.
როგორც ჰოუკმა განაცხადა, ის დეტალურად გაეცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურისა და ჯოკოვიჩის მხარის მიერ წარდგენილ საბუთებს და ამგვარი პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.
„ავსტრალიის მთავრობა იცავს ქვეყნის საზღვარს, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის დროს. კანონის მიხედვით, გადავწყვიტე, რომ ბატონ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმდეს“, – თქვა ჰოუკმა.
თუმცა, ნოლეს ადვოკატები ამბობენ, რომ ამ შემთხვევისთვისაც მზად იყვნენ და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. დრო კი ცოტაა – ავსტრალიის ღია პირველობა ხომ 17 იანვარს იწყება. თუ ჯოკოვიჩმა მანამდე მეორე სასამართლო პროცესი ვერ მოიგო ქვეყნიდანაც გააძევებენ და ავსტრალიაში ჩასვლა 3 წლით აეკრძალება.