ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ჩატარდა, „რეალმა” „ბარსელონას” დამატებით დროში 3:2 მოუგო. ეს გახლდათ ხუთგოლიანი „ელ კლასიკო”, რომელიც დინამიზმით ძალიან ჰგავდა იმ მატჩებს, რომელთა გამო ხალხს ასე უყვარს… ინგლისური ფეხბურთი. „ბარსელონასა” და „რეალის” წუხანდელი შეხვედრა პრემიერლიგაში ან ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე რომ გამართულიყო, სრულიად სამართლიანად დაიწყებოდა აღფრთოვანებული ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ინგლისურ გუნდებს დრამატული სანახაობების მოწყობა შეუძლიათ. ამჯერად „ინგლისური სცენარით” ესპანურმა გრანდებმა ითამაშეს.
საინტერესოა, რომ ეს იყო თამაში, რომელშიც თავისი გუნდის ქების საბაბი იპოვა როგორც მადრიდულმა ასევე კატალონიურმა მედიამ. სულ უბრალო რამ, გოლების თანმიმდევრობა ავიღოთ. მადრიდში დაწერეს, რომ „რეალი” სამჯერ დაწინაურდა, კატალონიაში კი დაწერეს, რომ „ბარსამ” მეტოქეს ტოლი არ დაუდო და ორჯერ გაქვითა ანგარიში.
„რეალი” ფინალში „ბილბაოსა” და „ატლეტიკოს” შორის გამარჯვებულს შეხვდება, „ბარსელონა” კი შინ ამაყად თავაწეული ბრუნდებაო, ეწერა ყოველდღიურ გაზეთ „სპორტში”, რომელიც კატალონიის დედაქალაქში გამოდის.
„ბარსას” მხარდამჭერ მედიას უხარია, რომ გუნდმა ცალკეულ ეპიზოდებში ჩინებული ფეხბურთი ითამაშა, პედრი და ანსუ ფატი გამოჯანმრთელდნენ, ფერან ტორესს კი დებიუტი ჰქონდა.
ანგარიში 25-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა. პირველი ტაიმის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე ლუკ დე იონგმა გაქვითა. 72-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ კვლავ მადრიდელები დააწინაურა, 83-ე წუთზე ანსუ ფატიმ ხელმეორედ გაათანაბრა ანგარიში, დამატებით დროში, 98-ე წუთზე კი ფედე ვალვერდემ გამარჯვების გოლი შეაგდო.
საუდის არაბეთის დედაქალაქში, მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონზე მატჩს 30 000 მაყურებელი დაესწრო.
მადრიდული გაზეთი „მარკა” წერს, რომ ყველაზე კარგად ბენზემამ და ანსუმ ითამაშეს, თუმცა მათ არც ვინისიუს ჟუნიორი და პედრი ჩამოუვარდებოდნენ. რაც შეეხება ბარსელონელთა გერმანელ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, გაზეთის აზრით ის ძველებურად ვეღარ ბრწყინავს. მას თითქოს უხეში შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ პირველი გოლის დროს ახლო ძელის დაფარვა მართებდა უკეთ, ხოლო ბენზემას გოლის დროს გუნდის გადარჩენა შეეძლო. ერთი სიტყვით, „მარკას” აზრით ის აღარ არის მეკარე, რომელიც თამაშებს იგებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
