თუ რომელიმე მანჩესტერელ ფანს უეინ რუნისთან შეხვედრა და ავტოგრაფიანი მაისურის პირადად მისთვის გამორთმევა სურს, 450 გირვანქა უნდა გაამზადოს.
რაა დასამალი, ბევრს ეს ფასი ეძვირა. სოციალურ ქსელებში გაჩნდა პროტესტი. ზოგმა დაწერა უსინდისობააო, ზოგმა რუნის ნახვა ამ ფულად არ ღირსო, ზოგმაც ფლანგვაა და მეტი არაფერიო.
ღონისძიება, რომელსაც ორგანიზაცია Legends 7 აწყობს, ავტოგრაფიანი მაისურების დარიგების და სადილის გარდა მოიცავს მანჩესტერის სასტუმროში რუნისთან ინტერვიუზე დასწრებას. ინტერვიუს მისი ყოფილი თანაგუნდელი ვეს ბრაუნი გაუძღვება. ინტერვიუ სპონტანურია, სცენარის გარეშე. შოუ მარტის თვეში გაიმართება.
ახლა კი ფასებზე უფრო დაწვრილებით:
პლატინის ბილეთში შედის ვარსკვლავთან შეხვედრა, გამოლაპარაკება, სამახსოვრო ფოტო, უფასო სასმელი, სამი კერძისგან შედგენილი ვახშამი და ადგილი წინა რიგში. ფასი — 450 გირვანქა.
ოქროს ბილეთი 225 გირვანქა ეღირება. მასში არ შევა რუნისთან შეხვედრა და ავტოგრაფიანი მაისური;
ყველაზე იაფი, 149 გირვანქიანი ბილეთის საფასური კი მხოლოდ სადილს და ვეს ბრაუნთან ინტერვიუზე დასწრებას გულისხმობს.
საღამოს ერქმევა „უეინ რუნის პირველი დაბრუნება მანჩესტერში გულშემატკივართან შესახვედრად და კითხვებზე საპასუხოდ”.
უეინ რუნის ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. მან ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 120 შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა.
თავდამსხმელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან”, სადაც 2004-17 წლებში თამაშობდა, ბავშვობის კლუბ „ევერტონში” გადავიდა, საიდანაც 2018 წელს აშშ-ში, DC იუნაიტედში გადაბარგდა. 2020 წელს ვარსკვლავი ინგლისში დაბრუნდა, „დერბის” ჩაუდგა სათავეში. შემდეგ, კლუბი, რომელიც ჩემპიონშიფში გამოდის გაკოტრდა და ადმინისტრაციულ მართვაში გადასცეს — 12 ქულა ჩამოაკლეს, რასაც ფინანსური დარღვევების გამო კიდევ 9 დაამატეს. 21 ქულის დაკლება იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ მიდლენდერები პირველ ლიგაში გავარდებიან, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ რუნიმ პირობა დადო, რომ კლუბს არ უღალატებს და ქვედა დონეზეც მასთან იქნება.