„ასტონ ვილას” გოლი არ ჩაუთვალეს

თეორიულად ფეხბურთის ასოციაციის თასმა „მანჩესტერ იუნაიტედს” შეიძლება კიდევ უშველოს. ისე, როგორც ეს ოდესღაც, 1990 წელს მოხდა, როდესაც შოტლანდიელ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს სერობამდე ჯერ ძალიან ბევრი აკლდა და „ოლდ ტრეფორდზე” თავის დამტკიცებას ცდილობდა.

მაშინ „იუნაიტედი” ფინალში გავიდა, იქ განმეორებით თამაშში „კრისტალ პალასი” დაამარცხა 1:0 და… დიდი თავგადასავალიც დაიწყო. არადა, ამ ამბებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ფანები ფერგიუსონის გაგდებას ითხოვდნენ.

მას მერე „მანჩესტერ იუნაიტედი” ასეთი დასუსტებული ალბათ არასდროს ყოფილა. დღეს გულშემატკივარს პრემიერლიგაში გამარჯვების იმედი აღარ აქვს და ფეხბურთის ასოციაციის თასს ებღაუჭება.

რასაკვირველია, ოპტიმისტებს შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი ჰქონდეთ, მაგრამ საეჭვოა ასეთი ბევრი იყოს.

რაც შეეხება „ასტონ ვილასთან” წუხანდელ 1/32 ფინალს, ის მანჩესტერელებმა სკოტ მაკტომინეის მიერ მე-8 წუთზე თავურით გატანილი გოლის წყალობით მოიგეს, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბირმინგემის გუნდი გულდაწყვეტილი დარჩებოდა, რადგან მასპინძელს ჯობდა.

კიდევ, იყო ასეთი ეპიზოდი: 50-ე წუთზე „ასტონ ვილამ” ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გოლი VAR-მა არ ჩათვალა. არბიტრის ამ გადაწყვეტილებამ სტუმრებს უსამართლობის შეგრძნებაც დაუტოვა.

ასეა თუ ისე, რალფ რანგნიკი კმაყოფილი უნდა იყოს რადგან მისმა გუნდმა რონალდუს გარეშე გაიმარჯვა. პორტუგალიელს თეძო სტკიოდა.

შედეგად, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის თორმეტგზის მფლობელი 1/16 ფინალშია, სადაც 5 თებერვალს შინ „მიდლსბროს” უნდა შეხვდეს.