No description available.ქართველმა ვუნდერკინდმა დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში თავის მე-8 მატჩში ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო საფრანგეთის უძლიერეს სარაგბო ლიგაში.

„პოსთან“ საშინაო მატჩის 44-ე წუთზე „ლიონმა“ მეტოქის 5-მეტრა ხაზთან თავისი შერკინება მოიგო, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და 19 წლის ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა ბურთიანად ისეთი სიჩქარე განავითარა, მეურვეთა გამოკიდებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვაღა დარჩა. ეს იყო ლიონელთა მე-4 ლელო, რომელმაც მასპინძლებს ბონუსი მოუტანა და სატურნირო ცხრილში მე-5 საფეხურამდე წაწია – 35:10. ნინიაშვილმა გარემარბად 80-ვე წუთი ძალიან საიმედოდ და დამაჯერებლად გაატარა, რითიც ფრანგული პრესა კიდევ ერთხელ აალაპარაკა „ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავის“ შესახებ.

No description available.ლიდერმა „ბორდომ“ ბრივში ბოლო წუთებზე გატანილი ჯარიმის ხარჯზეღა მოიგო, თორემ ლიგის ყველაზე ქართულმა გუნდმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და კინაღამ ფრესაც გამოჰკრა ხელი – 19:22. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ოთარ გიორგაძე (49-ე წუთზე შეცვალეს) და ვასილ ლობჟანიძე (58-ემდე ითამაშა) იყვნენ, მარქაფიდან კი თამაშში ვანო კარკაძე და სოსო ბეკოშვილი ჩაერთვნენ. პირველს მინდორზე გასვლა უკვე 31-ეზე მოუხდა, როცა სასტარტო კვაჭი ტვინის შერყევის ეჭვით 10 წუთით დაასვენეს, 56-ე წუთზე კი ბრიველთა პირველი ხაზი სრულად შეიცვალა და ვანოსთან ერთად თამაშში სოსოც ჩაერთო, რომელმაც, სამწუხაროდ, ბოლოს დაზიანება მიღო და 77-ეზე მოედანი დატოვა.

„ბორდოს“ ქართველი ლექსო ყაულაშვილი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.

„კასტრმა“ ძლევამოსილი სვლა გააგრძელა და ამჯერად „სტად ფრანსეს“ შინ მოუგო 15:9. მასპინძელთა შორის ლევან ჩილაჩავა 50-ე წუთზე  გამოჩნდა, მაგრამ ტრავმის გამო 25 წუთში თამაშიდან გავიდა. პარიზელთა მარქაფიდან კი თამაშში ჯერ ვასილ კაკოვინი ჩაერთო (57-ე წუთზე), ბოლოსკენ კი (74-ეზე) გიორგი მელიქიძე.

„ბიარიცისა“ და „პერპინიანის“ შეხვედრის ბედიც თამაშის ბოლოს გატანილმა ჯარიმამ გადაწყვიტა. სტუმრებმა 25:23 მოიგეს და ბასკებს ბონუსიღა დაუტოვეს. ამ უკანასკნელთა სასტარტოში თორნიკე ჯალაღონია იყო, ვინც მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო გიორგი ნუცუბიძემ პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა, ვიდრე მას ლუკა აზარიაშვილი შეცვლიდა. კატალონიელთა შორის კი 55-ეზე დუდუ ქუბრიაშვილი გამოჩნდა. „ბიარიცი“ ცხრილის ფსკერზე 20 ქულითაა და 2-ით ჩამორჩება „ბრივსა“ და „ტულონს“. ამ უკანასკნელს ზედიზედ მესამე მატჩი გაუცდა და მისი აუტსაიდერობა პირობითია.

ტურის ბოლო მატჩი კი დედაქალაქში შედგა, სადაც „რასინგ-92“-მა „კლერმონს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 33:28 დაამარცხა. გურამ გოგიჩაშვილმა პარიზელთა ცისფერ-თეთრი კვართით პირველიდან 51-ე წუთამდე სტაბილურად ითამაშა.